შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე დაკავებულები გაათავისუფლეს

თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან რამდენიმე ათეულმა ადამიანმა შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა. აქტივისტები შოვის სტიქიაზე ხელისუფლების რეაგირებას არასაკმარისად მიიჩნევენ.

აქციაზე, რომელიც საღამოს 9 საათზე დაიწყო, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დააკავეს სოფი მესხი და კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი.

მისივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ორივე დაკავებული ხელწერილის საფუძველზე დაკავებიდან 2 საათში გაათავისუფლეს. მათი დაკავების საფუძველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობა გახდა.


შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

სტიქიის მსხვერპლთა რაოდეობა 14 ავისტოს 25-მდე გაიზარდა. მაშველები კიდევ 8 ადამიანს ეძებენ.


შს მინსიტრის განცხადებით, 3 აგვისტოს ვერტმფრენები ცუდი ამინდის გამო სტიქიის ზონაში „თითქმის ორი საათის განმავლობაში ღრუბლებს უვლიდნენ, რომ ხეობაში შემოფრენილიყვნენ.“

გომელაურის თქმით, ვერტმფრენმა დღის განმავლობაში იმუშავა.


მან მის მიერ 13 აგვისტოს გაკეთებული განცხადება დღეს, 14 აგვისტოს განმარტა და განაცხადა, რომ სტიქიის ზონაში, ღამის განმავლობაში დრონები მუშაობდნენ. კრიტიკოსები ხელისუფლებას ღამით ვერტმფრენის არგამოყენების გამო აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მაშინ, როცა სტიქიის პირველ დღეს, დაზარალებულების ოჯახის წევრები დახმარებას და მეწყერში მოყოლილი ადამიანებოს გამოყვანას ითხოვდნენ, ხელისუფლებას ადეკვატურად უნდა ემოქმედა.