შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს.
დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა. ამის შესახებ მედიას ინფორმაციას შსს ადასტურებს. უწყების ცნობით, გრძელდება 8 ადამიანის ძებნა.
მეხანძრე-მაშველებმა 3 ცხედარი ბოლოს 11 აგვისტოს იპოვეს და სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა ამ დროისთვის 24-მდე იყო გაზრდილი.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210 ადამიანი.
უწყების ინფორმაციით, სამუშაოში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები, სამაშველო ნავები და სპეცტექნიკა.
ასევე, სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.