საქართველოს პარლამენტის წევრი და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, ვიდრე საქართველო იმყოფება მდგომარეობაში, როცა მისი ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული, რასაკვირველია, ძმობაზე საუბარი შეუძლებელია. ასე პასუხობს „ქართული ოცნების" წევრი „ბლექ სი არენის" სცენაზე ბენდ The Killers-ის კონცერტთან დაკავშირებულ ინციდენტზე დასმულ შეკითხვას.
რაც შეეხება კონცერტზე მისულ მსმენელთა რეაქციას, IPN-ის ცნობით, როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ეს ცალკე საკითხია და არ ჰგონია, რომ "ცალკეული რეაქციები გადაჭარბებულად უნდა შეფასდეს."
„თუ ვინმეს სურს, ქართველები და რუსები ძმები იყვნენ, ასეთ შემთხვევაში უალტერნატივოდ დღის წესრიგში მთავარი პრიორიტეტი დგას - უნდა მოხდეს საქართველოს დეოკუპაცია - ყველა საკითხი ამით იწყება და მთავრდება!
მნიშვნელოვანია, რაციონალურად, პრაგმატულად გვესმოდეს და ყველას კარგად გვქონდეს გათავისებული, რომ დეოკუპაცია ამ ქვეყნისთვის არის ხელშეუხებელი და ნომერ პირველი პრიორიტეტი. არავის უნდა დაავიწყდეს - იქნება ქართველი თუ უცხოელი, რომ ეს საქართველოსთვის არის მთავარი რამ. ეს არის ის, რასაც ვერასდროს შევურიგდებით!" - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
.