თემურ მღებრიშვილი: სტიქიის ეპიცენტრში ფაქტობრივად მთელი ტერიტორია გვაქვს შემოწმებული, ხვალისთვის ვგეგმავთ მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანას

შსს-ს განცხადებით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ სამძებრო სამუშაოს, რომელიც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე, მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში მიმდინარეობს.

დამაზუსტებელ კითხვას მღებრიშვილმა უპასუხა: „ფაქტობრივად დავასრულეთ სტიქიის ეპიცენტრში მუშაობა, გადამოწმება.“ ხვალიდან იწყება მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანა და აქტიური სამძებრო სამუშაო.“

„ამ წუთებშიც აქტიურად მიმდინარეობს ძებნის ღონისძიება. სტიქიის ეპიცენტრში ფაქტიურად ჩვენ უკვე მთლიანად გვაქვს ტერიტორია შემოწმებული. დარჩენილია რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრი, რომელზეც მძიმე ტექნიკა ვერ ახერხებდა შესვლას და დღეს, ღამის განმავლობაში გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას.

ხვალისთვის ვგეგმავთ უკვე მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანას, რისი საშუალებაც ნიადაგის გამო ამ დრომდე არ მოგვეცა.

დღეს შევამოწმეთ გარკვეულ ადგილებში, სადაც გვქონდა გონივრული ეჭვი რომ შეიძლება იყოს ცხედარი ან ფრაგმენტი. უკვე ნიადაგი მყარია და ხვალ დილიდან დავიწყებთ ამ მიმართულებით აქტიურ სამძებრო სამუშაოს.


როგორც მოგეხსენებათ, მდინარე რიონის და მდინარე ჭანჭახის ხეობებში 54 კილომეტრიანი მონაკვეთის გადამოწმება მიმდინარეობს, როგორც მცურავი, ისე კინოლოგების საშუალებებით. ასევე, მდინარის კალაპოტში მეხანძრე-მაშველებიც გადაადგილდებიან ფეხით და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მიმდინარეობს მონიტორინგი.

რაც შეეხება მონაცემებს, სტატისტიკა დღეს სამწუხაროდ არ შეცვლილა. 26 ცხედარია ამ დროისთვის ნანახი. დაკარგულების რაოდენობაა შვიდი. რამდენიმე ადამიანზე ველოდებით დნმ-ის პასუხებს. ასევე პროზექტურაში, ადამიანის ორი ფრაგმენტია, რომლის იდენტიფიცირების პასუხსაც ველოდებით“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიას 26 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. შვიდი ადამიანი დაკარგულად ითვლება.