საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტო აცხადებს, რომ საავტომობილო საწვავის ბაზარზე, ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ წარმოებული მოკვლევა დაასრულა.
სააგენტოში აცხადებენ, რომ საკითხი ეხება – 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში, კოორდინირებული ქცევის შედეგად, საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნებას.
კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებული მოკვლევის შედეგად დადასტურდა - შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს ,,სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ და შპს ,,რომპეტროლ საქართველოს“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა. კერძოდ, შესყიდვის ან გაყიდვის ფასის ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხუთ ეკონომიკურ აგენტს შესაბამისი ფინანსური სანქცია - ჯამში, 4 მილიონ ლარამდე დაეკისრა. ასევე, ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, შესასრულებლად აუცილებელი რეკომენდაცია გაიცა.
„კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება კომპანიებს შეუძლიათ თბილისის საქალაქო სასამართლოში. დღეისთვის ვითარება ნავთობპროდუქტების ბაზარზე ნორმალიზებულია, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და ბაზრის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, კონკურენციის ეროვნული სააგენტო საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზრის მონიტორინგს აგრძელებს,“ - აცხადებენ სააგენტოში.
სააგენტოს განცხადებით, მოკვლევა 2022 წლის 16 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციის და სააგენტოს მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგების საფუძველზე დაიწყო.