რას ავალდებულებს კანონი პროკურატურას ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით

„მოცემულ სიტუაციაში პროკურატურას არათუ შეუძლია არ გამოიყენოს ნიკა მელიას მიმართ რომელიმე აღკვეთის ღონისძიება, არამედ კანონით მას ევალება კიდეც, რომ არ გამოიყენოს", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ სანდრო ბარამიძემ განაცხადა.

განცხადებას სანდრო ბარამიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ქართული ოცნება“ რომ გაიძახის მელიამ სხვა არჩევანი არ დაგვიტოვა, გირაო არ გადაიხადა და ამიტომ უნდა დავაპატიმროთო; მელიას დაპატიმრება/არდაპატიმრების საკითხის გადაწყვეტა თავად მელიას ხელში იყოო, გადაეხადა და არავინ დააპატიმრებდაო და სხვ.ეტყობა ძალიან ამაყობენ ამ „მესიჯებით“ - ხედავთ, ეს რა მაგარი პიარული სვლა მოვიგონეთო? სინამდვილეში კი ძალიან სუსტი სვლაა. ვის ატყუებთ?

სულ რომ არ გამოიყენოთ აღკვეთის ღონისძიება - არც პატიმრობა, არც გირაო და არც რომელიმე სხვა, ეს ვარიანტი ვინ გამორიცხა, თუ არა თქვენმა პროკურატურამ? სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, „აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, უზრუნველყოფილი იყოს განაჩენის აღსრულება".

ამასთან, „აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველია დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს

2019 წლის 20 ივნისის შემდეგ გასულია 20 თვე (წელიწადი და 8 თვე) და ამ ხნის განმავლობაში მელიას მიმართ არ არსებობს არავითარი დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი ან მიიმალება, ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან „ჩაიდენს ახალ დანაშაულს“. ამის მტკიცება პროკურატურას არ შეუძლია. ამდენად, ერთადერთი კანონიერი გადაწყვეტილება ის იქნებოდა, რომ მელიას მიმართ საერთოდ არავითარი აღკვეთის ღონისძიება არ გამოყენებულიყო. მაგრამ კანონიერებაზე „ქოცები“ აცრილები რომ არიან, ამაში პირველად ხომ არ ვრწმუნდებით?", - აღნიშნავს სანდრო ბარამაძე, რომელიც იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს, თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში იკავებდა. პოსტიდან გადადგომის შემდგომ, ჯერ „თავისუფალ დემოკრატებს“ შეუერთდა, შემდეგ კი პარტია „ევროპულ საქართველოს“.

საპარლამენტო უმრავლესობა 16 თებერვალს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტს მოუხსნის. ეს გადაწყვეტილება 13 თებერვალს, უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს, რის შესახებაც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით, პარლამენტს პროკურატურამ მიმართა.

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თვლის, რომ მის წინააღდეგ აღძრული საქმე პოლიტიკური დევნაა და უკანონოდ მიაჩნია, ამიტომ პროტესტის ნიშნად, ის გირაოს გადახდას არ აპირებს.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 ათასი ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური. რის გამოც მისი გირაო 40 ათას ლარამდე გაიზარდა.

გირაოს თანხა, 40 000 ლარი, მელიას 2020 წლის 24 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა. თუმცა მელიამ გირაო არ უზრუნველყო რაიმე ქონებით. პროკურატურამ მას 5 თებერვალს დამატებით ერთი კვირა მისცა. გირაოს გადახდის საბოლოო ვადა 12 თებერვალს ამოეწურა და საქართველოს პროკურატურამ იმავე დღეს საქართველოს პარლამენტს მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობაზე წინასწარი თანხმობის მისაღებად.