აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა არის იმაზე ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ის არის უფრო მნიშვნელოვანიც, ვიდრე ოდესმე ყოფილა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო.
„ფაქტი, რომ ამერიკელ და ქართველ სამხედროებს აქვთ ერთობლივი წვრთნები, ვარჯიშები, მსახურობენ ერთად, თავს წირავენ ერთად, არის ამ სფეროში მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობის ნიშანი. ეს შენდებოდა წლების, ათწლეულების განმავლობაში და ამ მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, გაძლიერდა საქართველოს თავდაცვის ძალები, გაძლიერდა სანაპირო დაცვის ძალები, სასაზღვრო დაცვის ძალები, სამართალდამცველები.
ეს არის ამ სექტორებში აშშ-ის საქართველოსთან მრავალწლიანი პარტნიორობის შედეგი. როგორც აღვნიშნე, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ეროვნულ გვარდიასთან საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების საკითხებზე და ასევე მოიცავდა უფრო ფართო მედეგობასაც. ვიტყოდი, რომ საქართველო გაცილებით ძლიერია საკუთარი საზღვრების დაცვის უნარის თვალსაზრისით,“ - უპასუხა ელჩმა რადიო თავისუფლების შეკითხვას, არის თუ არა საქართველო უფრო დაცული, ვიდრე იყო უკრაინაში ომის დაწყებამდე.
საკმარისად აქტიურია თუ არა საქართველოს მთავრობა აშშ-სთვის საკუთარი საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების, წარდგენის კუთხით? კელი დეგნანმა ამ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა:
„ჩვენ მივყვებით საქართველოს მთავრობას. მზად ვართ ნებისმიერი გზით მხარი დავუჭიროთ საქართველოს. ვფიქრობ, ყველა ძალიან მგრძნობიარეა იმ ვითარების მიმართ, რომ საქართველო არის რუსეთის მეზობელი, უკვე ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ეჭვგარეშეა, რომ ახლანდელ გარემოში რუსეთი ემუქრება საქართველოს, ზეწოლას ახდენს მასზე, როგორც ყოველთვის აკეთებდა ამას, იმავე ბელორუსის მიერ [საქართველოს] ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საკითხით ან სხვა გზით.
ვფიქრობ, ყველა ძალიან მგრძნობიარეა ამ რეალობის მიმართ და ჩვენ მივყვებით საქართველოს მთავრობას: რისი გაკეთებაც კომფორტულია საქართველოს მთავრობისთვის ამ ძალიან რთულ ვითარებაში, მზად ვართ მხარი დავუჭიროთ.
თუმცა, სამხედრო თანამშრომლობა გრძელდება. ახსენეთ ჩვენი რეგულარული შეხვედრები. რეგულარული განხილვა ამერიკელი და ქართველი სამხედროების მიერ წვრთნებზე, საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციაზე, საბჭოთა ეპოქის მოწყობილობების ახლით შეცვლაზე - ეს ყველაფერი მიმდინარეობს მრავალი წელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები იყვნენ საკმარისად ძლიერები დაიცვან საკუთარი ქვეყნის საზღვრები.
ეს გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს მრავალეროვნული წვრთნა - Agile Spirit („მტკიცე სული“), რომელიც მალე გაიმართება. თუკი საქართველო მხოლოდ მონაწილეობდა ამ წვრთნებში, ახლა ის ავიდა იმ დონეზე, რომ შეუძლია Agile Spirit-ის მსგავსი მრავალეროვნული წვრთნების ორგანიზება და მასპინძლობა.
ეს საკმაოდ რთული და კომპლექსურია. მთელი ეს თანამშრომლობა, ერთობლივი წვრთნა და ვარჯიში გამიზნულია საქართველოს დახმარებისთვის, რომ მეტად მომზადებული იყოს NATO-ს წევრობისთვის. ეს ყველაფერი მიმართულია სწორედ მზადყოფნის იმ წერტილის მიღწევისკენ, რაც არის NATO-ში გაწევრიანება და საქართველოს საზღვრების დაცვა.“