ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ლევან შერაზადიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში დაუმუშავებელი ტერიტორია აღარ დარჩა.
როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, 28 ნაპოვნი გარდაცვლილიდან, 2-ის იდენტიფიცირება დღემდე ვერ მოხერხდა.
„გვიან ღამით სამი ადამიანი სოფელ ლაგვანთაში გადმოასვენეს. 28 გარდაცვლილიდან, ამჟამად 2-ს დნმ კვლევები უტარდება. აღარ დარჩა არცერთი კვადრატული მეტრი, რომელიც დამუშავებული არ არის. მოქალაქეთა თხოვნით, მიწის მასის გარკვეული ადგილები ხელმეორედ დამუშავდა.
გარდა ამისა, სამძებრო სამუშაო როგორც მდინარე ჭანჭახის, ისე მდინარე რიონის სანაპიროებზე აქტიურად მიმდინარეობს, ეწყობა კუნძულები, ფორმირდება კალაპოტები,“ - განაცხადა ლევან შერაზადიშვილმა.
შერაზადიშვილის თქმით, მოქალაქეთა თხოვნით, მიწის მასის გარკვეული ნაწილი ხელმეორედ დამუშავდა.
შოვში მეწყერი სამ აგვისტოს ჩამოწვა. დაღუპულია 28 ადამიანი. 5 დაკარგულს ეძებენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.