უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 22 აგვისტოს უკრაინა-ბალკანეთის სამიტზე სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა. მან მოლაპარაკებებს ღია, გულწრფელი და ნაყოფიერი უწოდა.
„კარგი საუბარი გაეროს წესდების პატივისცემასა და საზღვრების ხელშეუხებლობაზე. ჩვენი ერების საერთო მომავალზე საერთო ევროპულ ოჯახში. ჩვენი ურთიერთობების განვითარებაზე, რაც ჩვენს ორმხრივ ინტერესებშია,“ - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
სერბეთ-უკრაინის ურთიერთობებს ართულებს ბელგრადის მეგობრული დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, რადგან სერბეთმა უარი თქვა მოსკოვის წინააღმდეგ დაწსებულ სანქციებთან მიერთებაზე. ამავდროულად, ვუჩიჩმა უკრაინას „მეგობრული ქვეყანა" უწოდა და დაადასტურა, რომ ყირიმი და დონბასი უკრაინის სუვერენული ტერიტორიებია.
სერბეთის პრეზიდენტმა 7 ივნისს განაცხადა, რომ ის არ არის წინააღმდეგი, რომ სერბული საბრძოლო მასალა უკრაინამ შუამავლების მეშვეობით მიიღოს. FT-სთან ინტერვიუში ალექსანდრ ვუჩიჩი ამბობდა, რომ მისთვის ცნობილია აშშ-ის მთავრობის ცნობების შესახებ, რომ სერბული საბრძოლო მასალა უკრაინაში შუამავლების მეშვეობით აღმოჩნდა და რომ სერბეთი არ აპირებს ამის შეჩერებას.