სერბეთი დასავლეთისკენ ტრიალდება - FT

სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის არ არის წინააღმდეგი, რომ სერბული საბრძოლო მასალა უკრაინამ შუამავლების მეშვეობით მიიღოს. ამის შესახებ Financial Times-ი წერს. გამოცემასთან ინტერვიუში ალექსანდრ ვუჩიჩი ამბობს, რომ მისთვის ცნობილია აშშ-ის მთავრობის ცნობების შესახებ, რომ სერბული საბრძოლო მასალა უკრაინაში შუამავლების მეშვეობით აღმოჩნდა და რომ სერბეთი არ აპირებს ამის შეჩერებას.

Financial Times-ი ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მტკიცე მოკავშირე დასავლეთისკენ ბრუნდება.

შეკითხვას, იყო თუ არა ეს მიზანმიმართული ნაბიჯი დასავლური ქვეყნების დედაქალაქების სიმპათიის მოსაპოვებლად, ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ბელგრადი ცდილობდა, ემოქმედა „ნეიტრალური გზით“.

„მაგრამ მე სულელი არ ვარ. მე ვიცი, რომ ზოგიერთი იარაღი შესაძლოა, უკრაინაში აღმოჩნდეს“, - აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა.


ვუჩიჩმა ასევე აღნიშნა, რომ სერბეთი არ დახმარებია რუსეთს ომში.

„ჩვენ შეუერთდით გაეროს ყველა რეზოლუციას,” - თქვა ვუჩიჩმა გაეროს განცხადებებზე მითითებით, რომელიც გმობს რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში.

„ჩვენ არ ვიქნებით კერა რუსეთში რაღაცის რეექსპორტისთვის“, - დაამატა სერბეთის პრეზიდენტმა.


მისივე განცხადებით, დრო, როდესაც ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ყოველ სამ თვეში ესაუბრებოდა, დასრულდა და აღნიშნა, რომ ის ერთი წელია, კრემლთან კონტაქტში არ ყოფილა, გარდა მოსკოვიდან სტუმრების მიღებისა. ”ეს აქამდე არასდროს მომხდარა”, - განმარტა ვუჩიჩმა.


ჩრდილოეთ კოსოვოში სამხედრო ესკალაციის რისკის გათვალისწინებით, დასავლეთის მთავრობებს არ სურთ ევროპაში მორიგი კონფლიქტის რისკის გაწევა”, - აცხადებენ თავის მხრივ, სადაზვერვო ფირმა Janes-ის ანალიტიკოსები, სტეფანო მარასი და ინეს გონსალესი.