მედია: ერდოღანი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად რუსეთში ვიზიტს გეგმავს

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად რუსეთში ვიზიტს გეგმავს, რომლის დროსაც მარცვლეულის შეთანხმების საკითხები განიხილება. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Yeni Şafak-ი ერდოღანის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

თანამოსაუბრეების თქმით, ანკარა იცავს თავის პოზიციას, რომ რუსეთის მონაწილეობის გარეშე მარცვლეულის საზღვაო ექსპორტისთვის ახალი მარშრუტის შექმნა არ არის კარგი იდეა.


ვიზიტის ზუსტი თარიღები ჯერჯერობით არ სახელდება.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოსალოდნელი ვიზიტი ანკარაში, სავარაუდოდ, გაურკვეველი ვადით, სულ მცირე სექტემბრამდე გადაიდება. ამის შესახებ მედია თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებაზე დაყრდნობით 21 აგვისტოს წერდა.


ერდოღანის განცხადებით, თურქეთი „მარცვლეულის დერეფნის“ განახლებაზე ისევ მუშაობს. მისი თქმით, უახლოეს მომავალში რუსეთში, შესაძლოა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, ამის შემდეგ კი - თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა გაიმართოს.


უფრო ადრე რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინი და ერდოღანი შეთანხმდნენ, რომ ზუსტად განსაზღვრონ შეხვედრის ადგილი და დრო რაც შეიძლება მალე. მან აღნიშნა, რომ ორი ლიდერის მოლაპარაკებების დღის წესრიგში შედის ორმხრივი ურთიერთობები, „უკრაინის კრიზისი“ და „მარცვლეულის შეთანხმება.“


თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქეთს ვიზიტით აგვისტოში ეწვეოდა.

 ამის შესახებ ერდოღანმა ანკარაში, ივლისში განაცხადა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლა.