ანკარის შეფასებით, ალტერნატიული მარშრუტები შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივას“ ვერ ჩაანაცვლებს

თურქეთი მიიჩნევს, რომ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ნებისმიერი ალტერნატიული გზა, განსაკუთრებით მდინარე დუნაიზე მდებარე პორტების გავლით, ვერ ჩაანაცვლებს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას. ამის შესახებ საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) პრეზიდენტი, რუშენ ჩეტინი აცხადებს.

„მარცვლეულის დერეფნის დახურვის შემდეგ, გადატვირთულია მოძრაობა, რადგან ყველა გემი კონცენტრირებულია ისმაელის, რენისა და კილიას ირგვლივ - ესენია პორტები, რომლებიც უკავშირდება მდინარე დუნაის შესართავს,“ -  აღნიშნა თურქეთის ოფიციალურმა პირმა.


მისი განმარტებით, ტექნიკრად შეუძლებელია მარცვლეულის ტრანსპორტირება იმ მარშრუტებით, რომლებსაც ზოგიერთი, შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის ალტერნატივად მიიჩნევს.

„ეს შეუძლებელია, რადგან ეს არის მდინარის პორტები. დიდი გემები კი, იქ ვერ შედიან," - განაცხადა ჩეტინმა.

მან ხაზი გაუსვა სიტუაციის გავლენას ეკონომიკურ მაჩვენებლებზე როგორც შავი ზღვის რეგიონის, ისე ევროპის ქვეყნებში.

2 აგვისტოს თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას „მარცვლეულის შეთანხმება“ განიხილა. მხარეები შეთანხმდნენ პუტინის თურქეთში ვიზიტზე. მოგვიანებით, ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ პუტინის ვიზიტი უკვე ამ თვეში გაიმართება.


მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი ამ ფონზე აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“


ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია.

უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა.

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია.


შეგახსენებთ, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა.

ასევე წაიკითხეთ: