საგარეო უწყება ათენის სამიტზე: ევროკავშირის ღონისძიება არ იყო, ძირითადი თემა არ ყოფილა ევროკავშირის გაფართოება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ათენში გამართული სამიტი, რომელზეც მიწვეული იყვნენ უკრაინა და მოლდოვა, ომის თემას ეძღვნებოდა.

ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, არჩილ ყარაულაშვილმა განმარტა, რომ ათენში გამართული სამიტი არ იყო ევროკავშირის ღონისძიება. მისი ვიდეოკომენტარი Europetime-ს საგარეო უწყების პრესსამსახურმა მიაწოდა. 

„21 აგვისტოს ათენში გაიმართა არაფორმალური სამიტი, რომელიც მიეძღვნა ცნობილი თესალონიკის სამიტის 20 წლისთავს. ამ შემთხვევაში, ეს არ იყო ევროკავშირის ღონისძიება, არამედ – ბერძნული მხარის. თვითონ ევროკავშირის წარმომადგენლები ამ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც სტუმრები.


ღონისძიების ძირითადი თემა არ ყოფილა გაფართოება, არამედ იყო უკრაინაში ომი. სწორედ ამიტომ იყვნენ დაპატიჟებული უკრაინა და მოლდოვა. მოლდოვა მიჩნეულია, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული მხარე ამ ომის გამო.

ზოგადად შეიძლება, ითქვას, რომ უკრაინა და მოლდოვა ძალიან ხშირად არიან ომისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დაპატიჟებულნი. ეს უკვე გარკვეულ პრაქტიკად იქცა,“ – განაცხადა ყარაულაშვილმა.