კელი დეგნანის თქმით, ერთობლივი წვრთნები დიდი შესაძლებლობაა ურთიერთთავსებადობისა და სამხედრო თანამშრომლობის გასაძლიერებლად

აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მრავალეროვნული სწავლების „მტკიცე სული 2023“ მნიშვნელობაზე ისაუბრა. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ერთობლივი წვრთნები სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას უწყობს ხელს.

„ვიმყოფებით ვაზიანის აეროდრომზე, სადაც იმართება ყოველწლიური სწავლება „მტკიცე სული“, რომელსაც საქართველო მასპინძლობს, აშშ-ის თანახელმძღვანელობით. სწავლებაში 21 ქვეყნიდან 3 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. დღეს დავესწარით საჰაერო დესანტირებას. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, ჩავატაროთ წვრთნები ერთად და გავაუმჯობესოთ ურთიერთთავსებადობა, გამჭვირვალობა, ასევე, ყოველწლიური სწავლებებით ავიმაღლოთ მზადყოფნის დონე, რაც უფრო აძლიერებს ჩვენს სამხედრო თანამშრომლობას.

ამაღელვებელი იყო 180 ამერიკელი მედესანტეს ხილვა. აშშ-ის 173-ე სადესანტო ქვედანაყოფი საქართველოშია და მონაწილეობს წვრთნებში - „მტიცე ცული 2023.“ ეს არის ყოველწლიური სამხედრო წვრთნა, რომელშიც საქართველო მონაწილეობს. დიდი მადლობა საქართველოს თავდაცვის ძალებს ამ მხარდაჭერისთვის,“ – განაცხადა კელი დეგნანმა.


„მტკიცე სული 2023“ წვრთნები საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლებით დაიწყო. საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „მტკიცე სული 2023“ (Agile Spirit 2023) უკვე მეთერთმეტედ მასპინძლობს. სწავლების ფარგლებში პირველი საჩვენებელი კომპონენტი ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის 173-ე სადესანტო ბრიგადის ასეულმა C-17 მრავალფუნქციური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებიდან საჰაერო-სადესანტო სწავლება განხორციელა.


დესანტის გადმოსხმის ოპერაციას ვაზიანში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები, ასევე სწავლების ქართველი და ამერიკელი ხელმძღვანელები დაესწრნენ.

Agile Spirit 2023 NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) სამწყობრო მოედანზე გაიხსნა. კოლოფებად მოწყობილ სწავლებაში მონაწილე 21 ქვეყნის სამხედროებს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე მიესალმნენ.