ISW: „პრიგოჟინის თვითმფრინავის“ ჩამოგდების ბრძანების გაცემა მხოლოდ პუტინს შეეძლო

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები ევგენი პრიგოჟონის თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით თითქმის დარწმუნებით წერენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია ერთადერთი, ვისაც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, „ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის“ ჩამოგდების ბრძანების გაცემა შეეძლო.


ამერიკელი ანალიტიკოსების შეფაასებით, უკიდურესად ნაკლებია იმის შესაძლებლობა, რომ პუტინის ბრძანების გარეშე, „პრიგოჟინის დასჯა“ გადაეწყვიტათ თავდაცვის მინისტრ შოიგუს და გენერალური შტაბის უფროს გერასიმოვს, რომელთა წინააღმდეგ „ვაგნერმა“ 2023 წლის 23 ივნისს ამბოხება მოაწყო.


ასევე ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით პუტინის ბრძანება, სავარაუდოდ, საჯარო მცდელობაა, აღადგინოს მისი დომინირება და შური იძიოს იმ დამცირებისთვის, რომელიც „ვაგნერის" ჯგუფის შეიარაღებული აჯანყების გამო, მან და თავდაცვის უწყებამ განიცადეს.

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ თანახმად, პუტინს პრიგოჟინის წინააღმდეგ საჯარო შურისძიება სჭირდებოდა არამხოლოდ იმის დასამტკიცებლად, რომ სუსტი ლიდერი არ არის, არამედ მისი სამხედროების მხარდასაჭერადაც, რომლებიც, ბევრი რუსის აზრით, ვერ ხედავენ, რომ 24 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მართლმსაჯულება აღსრულდა.



შეგახსენებთ, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, „როსავიაციის“ ცნობით, კერძო კომპანია „МНТ Аэро-ს" კუთვნილი თვითმფრინავი Embraer Legacy 600, რომელიც მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზებს „როსავიაცია“ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იკვლევენ.


პრიგოჟინი ბოლოს 22 აგვისტოს გამოჩნდა. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ჩაშლილი ამბოხის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი ვიდეომიმართვისას ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევდა.“

ცნობისთვის, „ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში.