უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას არაფერი აქვს საერთო იმ თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან, რომლის ბორტზეც სავარაუდოდ, ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა.
ამის შესახებ მან კიევში პორტუგალიის პრეზიდენტ მარსელო რებელო დე სოუზასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ყველას ესმის, ვინ არის ჩართული (ამ საქმეში, რედ.),” - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, „როსავიაციის“ ცნობით, კერძო კომპანია „МНТ Аэро-ს" კუთვნილი თვითმფრინავი Embraer Legacy 600, რომელიც მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 10 ადამიანი დაიღუპა. კატასტროფის მიზეზებს „როსავიაცია“ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იკვლევენ.
პრიგოჟინი ბოლოს 22 აგვისტოს გამოჩნდა. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ჩაშლილი ამბოხის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი ვიდეომიმართვისას ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევდა.“ ცნობისთვის, „ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში.
„ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ევგენი პრიგოჟინის მიერ დაფუძნებულ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ 23-24 ივნისს რუსეთში, მოსკოვისკენ „მარშირებით,“ აჯანყების ხანმოკლე მცდელობა ჰქონდა. ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე და ბელორუსის ლიდერ, ალექსანდრ ლუკაშენკოს „შუამავლობით“, „ვაგნერმა“ ბელორუსში გადაინაცვლა. კრემლმა პრიგოჟინი-პუტინის შეხვედრაც დაადასტურა. ბოლო კომენტარებში პუტინი ამბობდა, რომ „ვაგნერი“ არ არსებობს.