ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველების მიერ კიდევ ორი ცხედარია ნაპოვნი. მიმდინარე სამძებრო სამუშაოსთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა.
„ინტენსიურად გრძელდება ძებნა-შველის ღონისძიება. დღეს სტიქიის ეპიცენტრიდან 40 კილომეტრის მოშორებით სოფელ სორის მიმდებარედ ნანახია, სავარაუდოდ, მამაკაცის ცხედარი. გარდა ამისა, იცით თქვენ, რომ სტიქიის ეპიცენტრში მიმდინარეობს წერტილოვანი გადამოწმებები.
დაახლოებით აღებული გვაქვს საორიენტაციოდ 8 ჰექტარი ტერიტორია, სადაც დღეს ნანახია დამატებით ერთი მოზარდის ცხედარი და ასევე, ცალკეულად ერთი ადამიანის ფრაგმენტი, აქტიურად გრძელდება საძიებო სამუშაოები ამ დროისთვის კიდევ და დარჩენილია ორი ადამიანი, ვის ძებნა-შველის ღონისძიებასაც ვაგრძელებთ, გადასვენება როგორც წესი, მოხდება ქუთაისის სამხარაულის პროზექტურაში.
ამ დროისთვის ველოდებით უკვე სამი ცხედრის იდენტიფიცირებას. საერთო ჯამში ნანახია 31 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი. ვეძებთ ორი ადამიანის ცხედარს", - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
შოვში მეწყერი სამ აგვისტოს ჩამოწვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა 7 აგვისტოს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.