პრიგოჟინი რთული ბედის ადამიანი იყო, სერიოზული შეცდომები ჰქონდა ცხოვრებაში - პუტინის პირველი კომენტარი „ავიაკატასტროფაზე“

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „პრიგოჟინის თვითმფრინავის“ ჩამოვარდნის გარშემო დუმილი დაარღვია.

BBC-ის ცნობით, პუტინი უთანაგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს და „ვაგნერ“ ჯგუფის დამფუძნებელს, ევგენი პრიგოჟინს „მძიმე ბედის“ ადამიანს, თუმცა „ნიჭიერ ბიზნესმენს“ უწოდებს.

საერთაშორისო მედიის ცნობით, ივნისში ვაგნერის შეწყვეტილ ამბოხზე აშკარა მინიშნებით პუტინი განაგრძობს: „პრიგოჟინს ვიცნობდი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, 90-იანი წლების დასაწყისიდან. ის იყო რთული ბედის ადამიანი. სერიოზულ შეცდომებსაც უშვებდა და საჭირო შედეგებსაც აღწევდა. საკუთარი თავისთვისაც და მაშინაც, როცა მას ამაზე ვთხოვდი ხოლმე, როგორც ამ ბოლო თვეებში. იყო ნიჭიერი ადამიანი, ნიჭიერი ბიზნესმენი.“


სატელევიზიო გამოსვლაში პუტინი ამბობს, რომ გამომძიებლები შეისწავლიან რა მოხდა, მაგრამ ამას დრო დასჭირდება. ის ამბობს, რომ ოთხშაბათს ავიაკატასტროფის შესახებ ხუთშაბათს დილით შეატყობინეს.


„წინასწარი მონაცემებით, ბორტზე „ვაგნერ ჯგუფის“ თანამშრომლებიც იყვნენ“, - აღნიშნა პუტინმა დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელ, დენის პუშილინთან შეხვედრისას კრემლში.

„მინდა აღვნიშნო, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს უკრაინის ნეონაცისტურ რეჟიმთან ბრძოლაში ჩვენს საერთო საქმეში. ჩვენ გვახსოვს და ვიცით ეს და არ დავივიწყებთ ამას,“ - ამბობს პუტინი.


რუსეთის პრეზიდენტის თქმით, პრიგოჟინი ახლახან დაბრუნდა აფრიკიდან.

„რამდენადაც მე ვიცი, პრიგოჟინი მხოლოდ გუშინ [ოთხშაბათს] დაბრუნდა აფრიკიდან. ის იქ შეხვდა გარკვეულ ოფიციალურ პირებს," - განაცხადა პუტინმა.


შეგახსენებთ, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, „როსავიაციის“ ცნობით, კერძო კომპანია „МНТ Аэро-ს" კუთვნილი თვითმფრინავი Embraer Legacy 600, რომელიც მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა. კატასტროფის მიზეზებს „როსავიაცია“ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იკვლევენ.


პრიგოჟინი ბოლოს 22 აგვისტოს გამოჩნდა. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ჩაშლილი ამბოხის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი ვიდეომიმართვისას ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევდა.“ ცნობისთვის, „ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში.


„ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ევგენი პრიგოჟინის მიერ დაფუძნებულ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ 23-24 ივნისს რუსეთში, მოსკოვისკენ „მარშირებით,“ აჯანყების ხანმოკლე მცდელობა ჰქონდა. ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე და ბელორუსის ლიდერ, ალექსანდრ ლუკაშენკოს „შუამავლობით“, „ვაგნერმა“ ბელორუსში გადაინაცვლა. კრემლმა პრიგოჟინი-პუტინის შეხვედრაც დაადასტურა. ბოლო კომენტარებში პუტინი ამბობდა, რომ „ვაგნერი“ არ არსებობს.