საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კელი დეგნანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 24 აგვისტოს გამართული შეხვედრისას, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების როგორც მიმდინარე დღის წესრიგი, ასევე სამომავლო გეგმები.
ილია დარჩიაშვილმა კელი დეგნანს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში.
28 ივლისს აშშ-ის სენატმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, რობინ დანიგენის კანდიდატურა დაამტკიცა.
კელი დეგნანი არის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი-დესპანის რანგის კარიერული დიპლომატი, რომელიც თბილისში სამი წლის წინ, 2020 წლის 29 იანვარს ჩამოვიდა.