ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, პრიგოჟინს არასდროს უთხოვია უსაფრთხოების გარანტიები და ამაზე საუბარი არასდროს ყოფილა.
„მე არც უნდა უზრუნველვყო პრიგოჟინის უსაფრთხოება. ეს პირველ რიგში. მეორე რიგში, ასეთ ფორმაში საუბარი არც არასდროს ყოფილა. და მესამე, დაიმახსოვრეთ: უსაფრთხოების საკითხს ორჯერ შევეხეთ. პირველად, როცა დავურეკე და მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, როდესაც ისინი მოსკოვისკე მარშით მიდიოდნენ. მე ვუთხარი მას: ჟენია, იაზრებ, რომ ხალხს მოკლავ და თვითონ მოკვდები? ცხელ გულზე ეს ადამიანი (ფრონტიდან) მპასუხობს: „ჯანდაბა, მოვკვდე!” მე ვეუბნები: „ჟენია, ახლა თოკს და საპნის ნაჭერს გამოგიგზავნი“, მპასუხობს: „არა, არა, არა. ასე არ მინდა. გმირად მოვკვდები“. მეორე ჯერზე, როდესაც ჩემთან დიმა უტკინთან ერთად ჩამოვიდა, ორივე კატეგორიულად გავაფრთხილე: „ბიჭებო, ჭკუით იყავით“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
ჟურნალისტების კითხვას შეიძლება თუ არა ამ აფეთქების უკან ვლადიმერ პუტინი იდგეს, ლუკაშენკომ უპასუხა, რომ მისი აზრით, ამაში დამნაშავე რუსეთის პრეზიდენტი არ არის.
„ვერ ვიტყვი, ვინ გააკეთა ეს. მე ჩემი უფროსი ძმის იურისტიც კი ვერ გავხდები, მაგრამ პუტინს ვიცნობ. ის ძალიან მშვიდი და დინჯი ადამიანია, მაშინაც კი, როდესაც გადაწყვეტილებებს სხვა, ნაკლებად რთულ საკითხებზე იღებს. ასე რომ ვერ წარმომიდგენია, რომ ეს პუტინმა გააკეთა, რომ პუტინი დამნაშავეა. ეს ზედმეტად უხეში, არაპროფესიონალური სამუშაოა ამ მხრივ,“ – განაცხადა ლუკაშენკომ.
შეგახსენებთ, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, „როსავიაციის“ ცნობით, კერძო კომპანია „МНТ Аэро-ს" კუთვნილი თვითმფრინავი Embraer Legacy 600, რომელიც მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა. კატასტროფის მიზეზებს „როსავიაცია“ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იკვლევენ.
პრიგოჟინი ბოლოს 22 აგვისტოს გამოჩნდა. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ჩაშლილი ამბოხის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი ვიდეომიმართვისას ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია.
ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევდა.“ ცნობისთვის, „ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში.
„ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ევგენი პრიგოჟინის მიერ დაფუძნებულ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ 23-24 ივნისს რუსეთში, მოსკოვისკენ „მარშირებით,“ აჯანყების ხანმოკლე მცდელობა ჰქონდა.
ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე და ბელორუსის ლიდერ, ალექსანდრ ლუკაშენკოს „შუამავლობით“, „ვაგნერმა“ ბელორუსში გადაინაცვლა. კრემლმა პრიგოჟინი-პუტინის შეხვედრაც დაადასტურა. ბოლო კომენტარებში პუტინი ამბობდა, რომ „ვაგნერი“ არ არსებობს.