უკრაინამ რუსეთიდან და მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ 11 ბავშვი სამშობლოში დააბრუნა. ინფორმაციას საქველმოქმედო ორგანიზაცია Save Ukraine ავრცელებს.
„დღეისათვის Save Ukraine-ის გუნდმა უკვე 161 ბავშვის დაბრუნება მოახერხა. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მხარს გვიჭერს ამ რთულ, მაგრამ ასეთ მნიშვნელოვან საქმეში“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უკრაინამ ჯამში უკანონოდ დეპორტირებული დაახლოებით, 380 ბავშვი დაიბრუნა.
ომის ბავშვების პლატფორმის მიხედვით, ამ დროისთვის იძულებით გადაადგილებული ან დეპორტირებულია 19 546 ადამიანი.
უკრაინის მთავრობის შეფასებით, რუსეთის ხელისუფლებამ 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ 19500-ზე მეტი ბავშვის დეპორტაცია მოახდინა და/ან იძულებით გადაასახლა.
შეგახსენებთ, გაერომ რუსეთი, 2022 წელს უკრაინაში 136 ბავშვის მკვლელობისთვის, დამნაშავეთა გლობალურ სიაში შეიყვანა.