აგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, რუსეთის ეკონომიკა 2022 წელს 2,1 პროცენტით შემცირდა. მისი შეფასებით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მუშაობს.
ჯოზეფ ბორელის ბლოგში აღნიშნულია, რომ წარმოება, რომელიც შეჭრამდე სტაბილურად იზრდებოდა, 2022 წლის ბოლოსთვის 6%-ით შემცირდა. ავტომობილების წარმოება წინა წელთან შედარებით 48%-ით შემცირდა, კომპიუტერული, ელექტრონული და ოპტიკური წარმოება 8%-ით, საცალო ვაჭრობა 10%-ით, ხოლო საბითუმო ვაჭრობა - 17%-ით.
„2021 წელთან შედარებით, 2022 წელს რუსეთიდან ევროკავშირში მთლიანი იმპორტის 58% შეწყდა - ეს არის უპრეცედენტო შემცირება. რუსეთიდან არაენერგეტიკული საქონლის იმპორტი 60%-მდე შემცირდა, ყველაზე თვალსაჩინო ვარდნაა რკინისა და ფოლადის, ძვირფასი ლითონებისა და ხის მასალის იმპორტზე. არაენერგეტიკული საქონლის იმპორტის შემცირება 2023 წლის პირველ კვარტალში 75%-ზე მეტია, ხოლო ენერგეტიკული საქონლის კიდევ უფრო დიდია და 80%-ს შეადგენს.
რაც შეეხება ექსპორტს, ევროკავშირიდან რუსეთში საქონლის მთლიანი ექსპორტი ომამდე პერიოდის წლიურ მაჩვენებელზე 52%-ით დაბალი იყო. ამასთან, ევროკავშირიდან რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტი, რომლებიც აუცილებელია იმ აღჭურვილობისა და იარაღის წარმოებისთვის, რომელსაც რუსეთი ომის საწარმოებლად იყენებს, 2022 წელს 2019-2021 წლებთან შედარებით 78%-ით შემცირდა.“
გარდა ამისა, ევროკავშირმა ასევე დაუწესა სამოგზაურო აკრძალვა და აქტივები გაუყინა 1 500-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და თითქმის 250 ორგანიზაციას.
„ეს ზომები ახდენს მძიმე, ხელშესახებ გავლენას რუსეთის ეკონომიკაზე, მიუხედავად ნავთობისა და გაზისგან მიღებული უზარმაზარი შემოსავლებისა, რომელსაც რუსეთი ბუფერად იყენებდა შეჭრის პირველ წელს. სანქციების ეფექტი დროთა განმავლობაში გაძლიერდება, რადგან ზომები გრძელვადიან ზემოქმედებას ახდენს რუსეთის ბიუჯეტზე და მის სამრეწველო და ტექნოლოგიურ ბაზაზე."