ბორის ჯონსონის თქმით, პრიგოჟინის სიკვდილი აჩვენებს, რომ პუტინთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს

დიდი ბრიტანეტის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა „დეილი მეილზე“ გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადა, რომ ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი შეუძლებელი იყო რუსეთის პრეზიდენტის დაკვეთის გარეშე, რაც აჩვენებს, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი განმარტავს, რომ სწორედ რუსეთის პრეზიდენტის სურვილია, დაუპირისპირდეს შეერთებულ შტატებს, რაც ხელს უწყობს მის პოპულარობას დასავლეთის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებში.

„პუტინმა თავი განგსტერად წარმოაჩინა და გარდაცვლილი „ვაგნერელებისადმი“ მისი აბსურდული სატელევიზიო „სამძიმარი“ უბრალოდ „ნათლიის“ ფურცლებიდან აქვს აღებული. ამ მკვლელობებით პუტინი ჩვენს თვალწინ იქცევა აზიელ დესპოტად, რომელიც კლავს თავის ყოფილ რჩეულს, რათა აჩვენოს, ვინ არის აქ უფროსი, ტკბება თავისი დაუნდობლობით,“ - აცხადებს ბორის ჯონსონი.


შეგახსენებთ, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, „როსავიაციის“ ცნობით, 24 აგვისტოს კერძო კომპანია „МНТ Аэро-ს" კუთვნილი თვითმფრინავი Embraer Legacy 600, რომელიც მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა. კატასტროფის მიზეზებს „როსავიაცია“ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იკვლევენ.


პრიგოჟინი ბოლოს 22 აგვისტოს გამოჩნდა. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ჩაშლილი ამბოხის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი ვიდეომიმართვისას ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევდა.“


„ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ევგენი პრიგოჟინის მიერ დაფუძნებულ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ 23-24 ივნისს რუსეთში, მოსკოვისკენ „მარშირებით,“ აჯანყების ხანმოკლე მცდელობა ჰქონდა. ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე და ბელორუსის ლიდერ, ალექსანდრ ლუკაშენკოს „შუამავლობით“, „ვაგნერმა“ ბელორუსში გადაინაცვლა. კრემლმა პრიგოჟინი-პუტინის შეხვედრაც დაადასტურა. ბოლო კომენტარებში პუტინი ამბობდა, რომ „ვაგნერი“ არ არსებობს.