უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრო კულება ამ კვირაში ჩეხეთს, საფრანგეთის რესპუბლიკას და ესპანეთის სამეფოს ეწვევა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 28 აგვისტოს პრაღაში, ჩეხი კოლეგის იან ლიპავსკის მიწვევით, კულება ყოველწლიური კონფერენციის საპატიო სტუმრის სტატუსით მიმართავს ჩეხეთის რესპუბლიკის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს.
მინისტრი ასევე ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებაზე.
„29-30 აგვისტოს პარიზში მინისტრი მოლაპარაკებებს გამართავს საფრანგეთის ხელმძღვანელობასა და საფრანგეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წამყვან კომპანიებთან.
გარდა ამისა, 31 აგვისტოს ესპანეთის ქალაქ ტოლედოში საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში. სამინისტროს ცნობით, ჩეხეთის რესპუბლიკაში, საფრანგეთსა და ესპანეთში მოლაპარაკებების ძირითადი საგნები იქნება ახალი იარაღის მიწოდება, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, მშვიდობის ფორმულის ხელშეწყობა, გლობალური მშვიდობის სამიტისთვის მომზადება და ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება 2023 წლის ბოლომდე.
„შეხვედრების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი იქნება ევროპული კომპანიების და მთლიანად ევროკავშირის მოწვევა თავდაცვის მრეწველობის პირველ ფორუმზე, რომელიც შემოდგომაზე უკრაინაში გაიმართება,“ - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.