ტრანსპორტის სააგენტო ქართველი მეზღვაურების მიერ მიგრანტების გადარჩენაზე ინფორმაციას ავრცელებს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ქართველი მეზღვაურების მიერ მიგრანტების გადარჩენის დეტალებზე წერს. როგორც სააგენტო წერს, მიგრანტები, რომლებიც ქართველმა მეზღვაურებმა გადაარჩინეს, 9 დღის განმავლობაში საკვებისა და წყლის გარეშე იყვნენ შუა ოკეანეში. 
 
„ქართველმა მეზღვაურებმა კაპიტან ალეკო სურმანიძის მეთაურობით, 28 აგვისტოს 10 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. კაპიტნის უფროსმა თანაშემწემ თენგიზ დიასამიძემ ატლანტის ოკეანეში, გიბრალტარის სრუტიდან 100 მილის დაშორებით მოდრეიფე ნავზე ადამიანები შენიშნა. მიგრანტები, მაროკოდან ესპანეთში ცდილობდნენ მოხვედრას, მაგრამ ამინდი გაფუჭდა, დინებამ სხვა მხარეს გაიტაცა და 9 დღის განმავლობაში საკვებისა და წყლის გარეშე იმყოფებოდნენ შუა ოკეანეში.
 
ქართველი მეზღვაურების დახმარებით ათი ადამიანი გადაურჩა სიკვდილს. ისინი ესპანეთის სასაზღვრო პოლიციამ წაიყვანა. კაპიტან ალექსანდრე სურმანიძესთან ერთად, ეკიპაჟის შემადგენლობაში იყვნენ: თენგიზ დიასამიძე, გერასიმ სურმანიძე, საბა ბერიძე, უჩა ჭინკაძე, ირაკლი ასამბაძე, ირაკლი კონცელიძე, გიორგი ომერაძე, გიორგი გოგიტიძე, აჩი ჭინკაძე, აჩი ზაქარაძე, მამუკა ტოღონიძე, მირზა სურმანიძე და ლაშა მენაღარიშვილი,“ - წერს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.