თეგი: მიგრანტები

სასაზღვრო პატრულმა მექსიკა-აშშ-ის საზღვართან 88 მიგრანტი დააკავა

მექსიკა-აშშ-ის საზღვართან 90-მდე მიგრანტი დააკავეს, მათი უმეტესობა ბავშვია, რომელსაც თანმხლები უფროსი არ ჰყავს. აშშ-ში, არიზონას შტატის სასაზღვრო პატრულმა 88 მიგრანტი დააკავა. დაკავებულთაგან 81 ბავშვია, რომელსაც თან მშობელი ან მეურვე არ ახლავს. როგორც Fox News-ი წერს, მიგრანტთა ჯგუფები საზღვარს რეკორდული რაოდენობით ადგებიან. ცნობისთვის, 2021 წლის განმავლობაში, მექსიკიდან აშშ-ში შესვლის მსურველი 1,6 მილიონზე მეტი ადამიანი დააკავეს.  

ახალი ზელანდია მუშახელის ნაკლებობის გამო, მიგრანტებისთვის ქვეყანაში შესვლას ამარტივებს

ახალი ზელანდია მუშახელის ნაკლებობის გამო, მიგრანტებისთვის ქვეყანაში შესვლას გაამარტივებს. ამ დროისათვის ახალ ზელანდიაში 12 000 სამუშაო ადგილი ვაკანტურია, - აცხადებს ახალი ზელანდიის მიგრაციის მინისტრი მაიკლ ვუდი.   მისი თქმით, მიგრანტებისთვის „კანონმდებლობა დროებით მარტივდება, რადგან ადგილობრივი მეწარმეები, სამუშაო ძალის დეფიციტის გამო დაზარალდნენ.  ახალ ზელანდიას კვალიფიციური მიგრანტები შემდეგ სექტორებში სჭირდება: ხანდაზმული მოქალაქეების მოვლა, მშენებლობა და ინფრასტრუქტურა, ხორცისა და ზღვის პროდუქტების გადამუშავება, ტურიზმი.  საიმიგრაციო პოლიტიკა, შეღავათებს ითვალისწინებს იმ უცხოელებისთვის, რომლებიც ქვეყანაში სამუშაოდ არდადეგების დროს ჩავლენ. მათ ახალი ზელანდიის მთავრობა ვიზას 6 თვით გაუხანგრძლივებს, რათა სამუშაო ძალის ქვეყანაში დაკავება შეძლოს.    

საქართველო-თურქეთის საზღვარზე, მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე საქართველოს 2 და თურქეთის ერთი მოქალაქე დააკავეს

საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე - 1988 წელს დაბადებული გ.გ. და 1993 წელს დაბადებული კ.ს, ასევე, თურქეთის 1 მოქალაქე - 1977 წელს დაბადებული ი.ფ. ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, თურქეთის მოქალაქე ჰ.გ.-ის მართვის ქვეშ არსებულ სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „სარფის“ გავლით, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე, მიგრანტის - სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქე მ.ა.-ს უკანონოდ გადაყვანას შეეცადნენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კანადა, მიგრანტების რეკორდული რაოდენობის მისაღებად ემზადება

მომდევნო სამი წლის განმავლობაში, კანადის ხელისუფლება მიგრანტების რეკორდული რაოდენობის მისაღებად ემზადება. ამას მოწმობს მიგრაციის ახალი სამწლიანი გეგმა, რომელიც კანადის იმიგრაციის, მოქალაქეობისა და ლტოლვილთა სამინისტრომ წარადგინა. „გასულ წელს კანადამ 40 5000 მიგრანტი მიიღო, რაც ერთი წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. მთავრობა აგრძელებს ამ ამბიციურ მიდგომას და მიზნად ისახავს, მომავალ წელს 465 000 მუდმივი მცხოვრების მიღებას. კანადა 2024 წელს 485 000 მიგრანტს, ხოლო 2025 წელს 500 000 მიიღებს", - აცხადებენ სამინისტროში. აღნიშნულია, რომ ახალი მიგრაციული პოლიტიკის თანახმად, მეტ ყურადღება დაეთმობა მიგრანტების მცირე ქალაქებსა და სოფლებში მოზიდვას.  

ყაზახეთში ემიგრანტებისთვის შესვლა გამკაცრდა

ყაზახეთში, 2023 წლის 27 იანვრიდან ძალაში შევიდა მთავრობის დადგენილება, რომელის თანამადაც ემიგრანტებისთვის რესპუბლიკაში შესვლისა და ყოფნის წესები მკაცრდება. ამიერიდან ყაზახეთში ჩასულ ემიგრანტები, ვიზის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის დღიდან ქვეყანაში დარჩენას 30 კალენდარული დღის განმავლობაში შეძლებენ. ამასთან, მათი ყოფნის ჯამური ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს 180 კალენდარული დღის განმავლობაში. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ყაზახეთში ყოფნის ვადაა 90 კალენდარული დღით განისაზღვრა, ყოველი 180 კალენდარული დღის განმავლობაში. „აქამდე გასვლისა და შესვლის საკითხი არ იყო მოწესრიგებული და უცხოელებს შეეძლოთ 1-2 დღით გასვლა და ისევ ყაზახეთში დაბრუნება. ამიერიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ამის გაკეთება მხოლოდ 180 დღის შემდეგ შეეძლებათ. ამავდროულად, დადგენილი შეზღუდვები არ ვრცელდება იმ ემიგრანტებზე, რომლებმაც მიიღეს დროებითი ბინადრობის ნებართვა ან ქვეყანაში ვიზით შემოვიდნენ“, - წერს მედია.  

იტალიაში მიგრანტების გემის ჩაძირვისას 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ იტალიაში, მიგრანტების გემის ჩაძირვის შედეგად, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. BBC-ის ცნობით, 40-ზე მეტის გადარჩენა მოხერხდა  მისივე ინფორმაციით, გემზე, რომელიც უამინდობის დროს კლდეებს შეეჯახა, 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. უცნობია, საიდან მიემგზავრებოდა გემი, თუმცა მასზე ლტოლვილები იმყოფებოდნენ ირანიდან, პაკისტანიდან და ავღანეთიდან.  

იტალიის სანაპიროზე მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად, მინიმუმ 59 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ იტალიის სანაპიროზე მიგრანტების ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც მინიმუმ 59 მიგრანტი, მათ შორის 12 ბავშვი, დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო პიანტედოსიმ განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, 30-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება. ამასთან, სანაპირო დაცვის ინფორმაციით, 80 ადამიანი ცოცხალი იპოვეს. ნავს, რომელიც რამდენიმე დღის წინ თურქეთიდან გაემგზავრა, გადაჰყავდა მიგრანტები ავღანეთიდან, პაკისტანიდან, სომალიდან და ირანიდან.

იტალიამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

იტალიამ არალეგალი მიგრანტების ნაკადის ზრდის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა დაახლოებით 6 თვე გაგრძელდება და სამხრეთ რეგიონებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალებულად ითვლებიან, 5 მილიონი ევროს დახმარება გამოიყოფა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები აჩვენებს, რომ იტალიაში წელს 31 000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა,  გასული წლის იმავე პერიოდში ეს რიცხვი დაახლოებით 7 900 იყო.  

საბერძნეთის სანაპიროებთან მიგრანტების ნავის ჩაძირვაზე ბოლო ცნობები ვრცელდება

საბერძნეთის სანაპიროებთან 15 ივნისს მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე 79 ადამიანი დაიღუპა. Reuters-ის ბოლო ცნობების თანახმად, გაიზარდა იმის შიში, რომ მაშველების  ასობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები, შესაძლოა, ხალხმრავალი გემის საწყობში დაიღუპა. საბერძნეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 104 გადარჩენილი ნაპირზე გამოიყვანეს. ცნობისთვის, მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა ტრეფიკინგში ეჭვმიტანილი სამი პირი დაკითხეს. ნავი პილოსის სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 80 კილომეტრში ჩაიძირა. ნავი ლიბიიდან იტალიაში მიდიოდა, ბორტზე მყოფთა უმეტესობა ახალგაზრა კაცი იყო.  მთავრობამ, მომხდარი ტრაგედიის გამო, სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.  

საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და მიგრანტების გადაყვანის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის და მიგრანტების გადაყვანის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. უწყების თანახმად, დანაშაულები 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ 1976 წელს დაბადებულმა, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ვ.ქ.-მ, საკუთარ სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით, მიგრანტების, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის 1988 წელს დაბადებული ე.ო.-ს და უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქის 1994 წელს დაბადებული ზ.ა.-ს უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, - წერია ინფორმაციაში.  

ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად, 41 ადამიანი დაიღუპა -Reuters

გასულ კვირას ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტთა ნავის ჩაძირვისას 41 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ საერთაშორისო მედია იტალიიის საინფორმაციო სააგენტო ANSA-ზე დაყრდნობით წერს. სააგენტოები ინფორმაციას გადარჩენილთა ცნობებზე დაყრდნობით წერენ. ოთხმა ადამიანმა ახლახან მიაღწია იტალიის კუნძულ ლამპედუზას. Ansa-ს ცნობით, ოთხმა ადამიანმა, რომლებიც მომხდარის დროს გადარჩნენ, მაშველებს განუცხადეს, რომ ნავი ტუნისის ქალაქ სფაქსიდან დაიძრა და იტალიის ნაპირებისკენ მიმავალ გზაზე ჩაიძირა. გადარჩენილებმა, რომელთა შორის სამი კაცი და ერთი ქალია, განაცხადეს, რომ ისინი სატვირთო გემმა გადაარჩინა, რის შემდეგაც კოტ-დიუვარის და გვინეის მოქალაქეები იტალიის სანაპირო დაცვის გემზე გადაიყვანეს. Reuters-ი წერს, რომ სანაპირო დაცვას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. იტალიის სანაპირო დაცვა კვირას იტყობინებოდა ამ მხარეში ორი გემის ჩაძირვის შესახებ, მაგრამ უცნობია, არის თუ არა ეს გემი ერთ-ერთი მათგანი.   

ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკის შესახებ პოლონეთში რეფერენდუმი ჩატარდება

პოლონეთის პრემიერ-მინისტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ევროკავშირის მიგრაციის რეფორმების შესახებ რეფერენდუმი ჩატარდება, რომლის დროსაც ამომრჩევლებს ჰკითხავენ, მზად არიან თუ არა ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ათასობით არალეგალი მიგრანტი მიიღონ. მორავეცკის ინფორმაციით, რეფერენდუმის შეკითხვა ასეთი იქნება: „მხარს უჭერთ თუ არა ათასობით არალეგალი იმიგრანტის მიღებას ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ევროპული ბიუროკრატიის მიერ დაწესებული იძულებითი გადაადგილების მექანიზმის ფარგლებში?" საერთაშორისო მედია წერს, რომ მორავიეცკის მთავრობა დიდი ხანია, ეწინააღმდეგება ევროკავშირის გეგმას მის წევრებს შორის მიგრანტების თანაბრად განაწილების შესახებ. ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები ივნისში საბოლოოდ შეთანხმდნენ ბლოკის მიგრაციისა და თავშესაფრის პოლიტიკის რეფორმაზე, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი წევრი, განსაკუთრებით, უნგრეთი და პოლონეთი, მისი წინააღმდეგი იყო. DW წერს, რომ პოლონეთის მმართველი პარტია - კანონი და სამართლიანობა (PiS) ოქტომბერში საპარლამენტო კენჭისყრამდე, მიგრაციის საკითხს თავისი საარჩევნო კამპანიის მთავარ ნაწილად აქცევს. ცნობისთვის, ევროკავშირმა 2012 წელს მიგრაციულ კრიზისში ბელორუსის ხელისუფლება დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ბელორუსის სამართალდამცავმა უწყებებმა არამხოლოდ ვერ შეაჩერეს არალეგალი მიგრანტები, არამედ განზრახ შეუწყვეს მას ხელი. მიგრანტთა კრიზისის გამო, ლიეტუვამ და ლატვიამ ბელორუსის მოსაზღვრე ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ლიეტუვამ და პოლონეთმა საზღვარზე ღობეებიც ააშენეს. 2023 წლის ზაფხულში, პოლონეთმა და ლიეტუვამ დაიწყეს ბელორუსთან საზღვრის გაძლიერება მას შემდეგ, რაც „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა იქ გადაადგილება დაიწყეს. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა 12 აგვისტოს განაცხადა, რომ პოლონეთმა ბელორუსთან საზღვარზე სამხედროების ახალი ჯგუფი განალაგა  

ტრანსპორტის სააგენტო ქართველი მეზღვაურების მიერ მიგრანტების გადარჩენაზე ინფორმაციას ავრცელებს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ქართველი მეზღვაურების მიერ მიგრანტების გადარჩენის დეტალებზე წერს. როგორც სააგენტო წერს, მიგრანტები, რომლებიც ქართველმა მეზღვაურებმა გადაარჩინეს, 9 დღის განმავლობაში საკვებისა და წყლის გარეშე იყვნენ შუა ოკეანეში.    „ქართველმა მეზღვაურებმა კაპიტან ალეკო სურმანიძის მეთაურობით, 28 აგვისტოს 10 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. კაპიტნის უფროსმა თანაშემწემ თენგიზ დიასამიძემ ატლანტის ოკეანეში, გიბრალტარის სრუტიდან 100 მილის დაშორებით მოდრეიფე ნავზე ადამიანები შენიშნა. მიგრანტები, მაროკოდან ესპანეთში ცდილობდნენ მოხვედრას, მაგრამ ამინდი გაფუჭდა, დინებამ სხვა მხარეს გაიტაცა და 9 დღის განმავლობაში საკვებისა და წყლის გარეშე იმყოფებოდნენ შუა ოკეანეში.   ქართველი მეზღვაურების დახმარებით ათი ადამიანი გადაურჩა სიკვდილს. ისინი ესპანეთის სასაზღვრო პოლიციამ წაიყვანა. კაპიტან ალექსანდრე სურმანიძესთან ერთად, ეკიპაჟის შემადგენლობაში იყვნენ: თენგიზ დიასამიძე, გერასიმ სურმანიძე, საბა ბერიძე, უჩა ჭინკაძე, ირაკლი ასამბაძე, ირაკლი კონცელიძე, გიორგი ომერაძე, გიორგი გოგიტიძე, აჩი ჭინკაძე, აჩი ზაქარაძე, მამუკა ტოღონიძე, მირზა სურმანიძე და ლაშა მენაღარიშვილი,“ - წერს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.  

იტალიის სანაპირო დაცვამ ხმელთაშუა ზღვაში 177 მიგრანტი გადაარჩინა

იტალიის სანაპირო დაცვამ ხმელთაშუა ზღვაში 177 მიგრანტი გადაარჩინა. Reuters-ის ინფორმაციით, მათ შორის, 27 მიგრანტი იმყოფებოდა ბორანზე, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა და მაშველების დახმარების გარეშე ზღვაში დაღუპვა ემუქრებოდათ. მიგრანტები ნავების მეშვეობით იტალიის კუნძულ ლამპედუზადან სიცილიაზე გადასვლას ცდილობდნენ. ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან ხმელთაშუა ზღვის გავლით ყოველწლიურად ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მოპოვებას ათასობით მიგრანტი ცდილობს.  

საქართველოში მიგრანტების უკანონოდ შემოყვანის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის და მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე 5 პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დანაშაულები 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ 1985 წელს დაბადებულმა, უცხო ქვეყნის მოქალაქე ს.თ.-მ, მისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოიყვანა მიგრანტები, უცხო ქვეყნების მოქალაქეები 1993 წელს დაბადებული ვ.თ; 1965 წელს დაბადებული ბ.ო; 1996 წელს დაბადებული ო.გ. და 1992 წელს დაბადებული რ.გ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 344-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, - აღნიშნულია ინფორმაციაში.