გერმანიის შს სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი სოციალური მედიის საშუალებით ნაცნობი ნარატივების გავრცელებას აგრძელებს.
კერძოდ, ყალბი ანგარიშები იქმნება უკრაინის წინააღმდეგ ომის შესახებ დეზინფორმაციის გასავრცელებლად. შესაბამის ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ოფიციალური პირის თქმით, დეზინფორმაციისთვის განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება სოციალური ქსელები, როგორიცაა Telegram.
დეზინფორმაციის მასშტაბი
„ბოლო 12 თვის განმავლობაში რუსული დეზინფორმაციის მასშტაბები საერთოდ არ შემცირებულა,” - თქვა გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა და დაამატა, რომ მისი დეპარტამენტი კვლავ სერიოზულად ეკიდება „გარე გავლენისა და მანიპულაციის საფრთხეს”, ასევე, მკაცრად ეწინააღმდეგება მათ.
ოფიციალური პირის თქმით, დეზინფორმაციის გამავრცელებელი აქტორები ცდილობენ, გავლენა მოახდინონ გერმანიაში საზოგადოებრივ აზრზე, გაზარდონ კონფლიქტები გერმანულ საზოგადოებაში და უნდობლობა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მთავრობის ქმედებების მიმართ.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დაწყების დღიდან, ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ რუსული დეზინფორმაცია გერმანიაში გაძლიერდა,“ - განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.