კახა კალაძე: არ მახსოვს, ასეთი უხვი ნალექი ბოლოს როდის იყო დედაქალაქში, გარკვეულ უბნებში შეიქმნა პრობლემები და არა მთელი თბილისის მასშტაბით

თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისში ძლიერი წვიმის გამო, ერთ-ერთი რთული მონაკვეთია მარჯვენა სანაპირო, კონკრეტულად, თამარ მეფის გამზირთან, სადაც დატბორილია გზის ნაწილი. 

„ძალიან დიდი ნალექი იყო ხანმოკლე პერიოდში. არ ვიცი, არ მახსოვს, ასეთი უხვი ნალექი ბოლოს როდის იყო დედაქალაქში. გარკვეულ უბნებში შეიქმნა პრობლემები და არა მთელი თბილისის მასშტაბით. იყო პრობლემები გლდანის რაიონში, ასევე დიდუბეში, ერისთავის ქუჩის მიმდებარედ. ახლაც მუშაობენ ჩვენი შესაბამისი სამსახურები.“

 კახა კალაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სანიაღვრე სისტემა ფუნქციონირებს, ჭარბმა ნალექმა სხვადასხვა ადგილზე პრობლემები მაინც შექმნა.


„ერთ-ერთი რთული მონაკვეთია მარჯვენა სანაპირო, კონკრეტულად თამარ მეფის გამზირთან, სადაც გზის მონაკვეთი დატბორილია. მიუხედავად იმისა, რომ სანიაღვრე სისტემა მუშაობს, იმდენი ნალექია, რომ ვერ აუდის. გარკვეული პრობლემებია გადაადგილების თვალსაზრისით. ასევე, იყო პრობლემები გლდანის რაიონში, დიდუბეში, ერისთავის ქუჩის მდებარე ტერიტორიაზე, რომელიც დატბორილი იყო და გადაადგილება შეუძლებელი იყო.

რამდენიმე მანქანა იყო გაჩერებული, რომელიც გამოვიყვანეთ. რამდენიმე ქუჩაზე ხეები იყო წაქცეული და აღნიშნული მონაკვეთები უკვე გასუფთავებულია. ჩვენი შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ მუშაობას. მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციას, სამაშველო ჯგუფებს, რომლებიც ახლაც გვეხმარებიან და ჩვენთან ერთად მუშაობენ,“ - განაცხადა კახა კალაძემ.


მან მოსახლეობას მოუწოდა, ძლიერი წვიმით გამოწვეული პრობლემების შემთხვევაში დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2722222.

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ „სანიაღვრე სისტემა კონკრეტულ ადგილებზე ნაგვით იყო გადავსებული.“

აქ, სადაც ვიმყოფებოდი, სანიაღვრე სისტემა კონკრეტულ ადგილებზე ნაგვით იყო გადავსებული, არ ვიცი საიდან ამდენი ნაგავი. იყო კონკრეტული სანიაღვრე არხები, რომელიც ჩვეულებრივ ატარებდა. იმდენად უხვი ნალექი იყო, რომ არ მახსოვს ასეთი რამ ბოლო წლებში," - აღნიშნავს კალაძე.