გერმანიის მთავრობა აპირებს, საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად გამოაცხადოს, რაც გერმანიის შს მინსიტრის განცხადებით, არალეგალური მიგრაციის შემცირებას შეუწყობს ხელს.
ინფორმაციას DW ავრცელებს.
გერმანიის მთავრობა ფეზერის მიერ წარდგენილი კანონპროექტის დამტკიცებას უკვე 30 აგვისტოს აპირებს.
ფეზერმა მოლდოვასთან და საქართველოსთან მიგრაციის სფეროში ხელშეკრულებებზე დაგეგმილი ხელმოწერის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ეს შეთანხმებები გერმანიაში ჩასვლის მსურველებს მისცემს განათლების მიღების და მუშაობის შესაძლებლობას და უზრუნველყოფს საქართველოსა და მოლდოვაში იმ მოქალაქეების სწრაფად დაბრუნებას, რომლებსაც გერმანიაში დარჩენის უფლება არ აქვთ.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დოკუმენტის სწრაფი მიღების აუცილებლობა დაასაბუთა იმით, რომ წლის პირველ ნახევარში მოლდოვასა და საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის დამტკიცებული განაცხადების წილი მხოლოდ 0,1 პროცენტი იყო.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე განმარტა, რომ საქართველოს და მოლდოვიას ევროკავშირის წევრობა სურთ და ამ ქვეყნებში, როგორც წესი, ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით დევნა არ ემუქრება.
ცნობისთვის, გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, გერმანიიდან იანვარ-ივნისში დეპორტირებულთა შორის ყველაზე მეტი, საქართველოს მოქალაქეა. დეპორტირებულთაგან 1664 ქალი იყო, 1375 - არასრულწლოვანი. გერმანიიდან დეპორტირებული იყვნენ საქართველოს (705), ჩრდილოეთ მაკედონიის (665) და ავღანეთის (659) მოქალაქეები.