მიმდინარე კვირას ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე კვირას, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +32, +37, მთაში +31, +36, მაღალმთაში +28, +33 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 2 სექტემბერს ზოგან გაწვიმდება.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 3 სექტემბრამდე შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე (+29, +34 გრადუსი) შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. თბილისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.


ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

„აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია მოსალოდნელი ამინდის შესახებ სისტემატურად ვრცელდება გარემოს ეროვნული სააგენტოს Facebook გვერდზე. ასევე, ამინდის შესაძლო გაუარესების შესახებ ინფორმაცია ეგზავნება ყველა შესაბამის უწყებას,“ - აღნიშნავენ სააგენტოში.


სააგენტოს ცნობით, 29 აგვისტოს საღამოს საათებიდან თბილისსა და მის შემოგარენში დაფიქსირდა უხვი ნალექი. წინასწარი მონაცემებით, წუხანდელი სამი საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობამ ორჯერ გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს, 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობას. ამავე დროს, 2015 წლისგან განსხვავებით, 29 აგვისტოს მოსულმა ნალექმა მოიცვა თბილისის მთელი ტერიტორია.