კახა კალაძე: წუხელ მოსული ნალექის რაოდენობამ ორჯერ გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს მოსული ნალექის რაოდენობას

თბილისის მერის განცხადებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, „წუხელ 3 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ ორჯერზე მეტად გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობას.“

„გუშინ ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა არაერთი პრობლემა შეუქმნა დედაქალაქს. ასეთი უხვი ნალექი თბილისს არ ახსოვს. შესაბამისი სამსახურები სრულად მობილიზებული გვყავდა. ამინდის ცვლილებასთან ერთად, ყოველთვის გვაქვს მზადყოფნა. ამჯერადაც რეაგირება იყო დროული, სწრაფი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, წუხანდელი სამი საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობამ 2-ჯერ გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობას. თან წუხანდელმა ნალექმა მოიცვა თბილისის მთელი ტერიტორია,“ - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მან აღნიშნა, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა არსებობს და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს.


„პირველივე წუთებში მერიის შესაბამისი უწყებები უკვე იმყოფებოდნენ პრობლემურ ადგილებზე და ცდილობდნენ საჭირო ღონისძიებების გატარებას. ეს მიმდინარეობდა მთელი ღამე. დატბორილი იყო ქუჩები, სახლები, სარდაფები, რამდენიმე ქუჩაზე წაიქცა ხეები, რამაც ელექტროსადენები დააზიანა, თბილისის რამდენიმე ფერდზე დაფიქსირდა ქვათაცვენა - მათ შორის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის პრობლემურ მონაკვეთზე. ასევე, მცირე ქვათაცვენა იყო თამარაშვილის ქუჩაზე და მარშალ გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე ფერდობებიდან. აქ უკვე გაწმენდილია გზები და გადაადგილება უპრობლემოდ ხდება.


გუშინ პირადად ვიმყოფებოდი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სადაც შეტბორილი იყო თამარ მეფის პანდუსზე ამსვლელი გზა. ძალიან ბევრი განცხადება მოვისმინეთ, თითქოს, სანიაღვრე სისტემები არ მუშაობს დედაქალაქში. რა თქმა უნდა, მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემები გვაქვს. სწორედ ამიტომ, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოს ვაწარმოებთ, პირველ რიგში, მსგავს კომუნიკაციებს ვაწესრიგებთ. წუხელ პრობლემა შექმნა იმან, რომ სანიაღვრე ცხაურები ნაგვით იყო დაფარული და ეს უშლიდა წყლის ჩადინებას. ამის მიუხედავად, კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც მე ვიყავი, სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობდა, გვიწევდა ამ ყველაფრის ხელით გაწმენდა. წვიმის გადაღებისთანავე, ერთი გრამი წყალი არ იყო ასფალტზე და მთლიანად დაცლილი იყო შეტბორილი არეალი,“ - განაცხადა თბილისის მერმა.


გუშინ, 29 აგვისტოს მოსულმა ძლიერმა წვიმამ დედაქალაქის რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა. დაიტბორა ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, ასევე დაზიანდა ელექტროსადენები. დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, თამარაშვილის ქუჩაზე ქვათაცვენა დაფიქსირდა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე კი, წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო.