„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპაში ვიზიტით საქართველოს კონსტიტუციას არღვევს, რადგან მას მთავრობის ნებართვა არ აქვს.
მდინარაძე ამბობს, რომ ქვეყნის პრეზიდენტის საქართველოს პარლამენტში ბოლო გამოსვლა ეწინააღმდეგებოდა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და შესაძლოა, სწორედ ეს იყოს მიზეზი, რომ მთავრობა პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრებას არ ეთანხმება.
„საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს საქართველოს მთავრობის თანხმობა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ახორციელებს შესაბამის უფლებამოსილებას და მის კომპეტენციაშია საგარეო კურსის განსაზღვრა და ამ კურსის შესაბამისად მოქმედება. აქედან გამომდინარე, დიახ, საქართველოს პრეზიდენტი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ის, რომ მთავრობამ ნებართვა არ მისცა და მაინც მიდის, ეს კონსტიტუციის დარღვევაა და კონსტიტუციის უპატივცემულობაა და მეორე მხრივ, ამ დაუთანხმებლობას მთავრობის მხრიდან აქვს კონკრეტული მიზეზები, მაგალითად, მე შემიძლია გაგახსენოთ აქ, საქართველოს პარლამენტის ტრიბუნასთან საქართველოს პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა, რომელიც იყო საქართველოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო გამოსვლა, ალბათ, ყველა დამეთანხმებით გულში მაინც,“ - განაცხადა მდინარაძემ.
„ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი „საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან საწინააღმდეგოს საუბრობს, რა თქმა უნდა, რისკები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ვოიაჟი, რომელსაც არ ეთანხმება მთავრობა, სწორედ ამის გამო იყოს ამ მიზეზიდან გამომდინარე.“