ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს გერმანიის პრეზიდენტთან მოლაპარაკებით იწყებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს გერმანიაში გაემგზავრება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, სალომე ზურაბიშვილი, ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართავს შეხვედრას.

„საქართველოს პრეზიდენტი სწორედ ამ ვიზიტით იწყებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს,“ - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.


გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა.

  • უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე.


საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე.“


ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.

2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.