როლანდ პრაისი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის ახალი რეგიონული დირექტორია

დღეიდან სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის თანამდებობას როლანდ პრაისი დაიკავებს. პრაისი თბილისის ოფისიდან უხელმძღვანელებს მსოფლიო ბანკის სტრატეგიების შემუშავებას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის, კერძოდ, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის.

ამასთან ერთად, სამივე ქვეყანაში განახორციელებს საკრედიტო პორტფელისა და საკონსულტაციო სერვისების მართვას, განვითარების მიმართულებით მომუშავე პარტნიორებთან კოორდინაციას და სხვა ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან ჩართულობას ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის პროცესში.

„ჩემთვის დიდი პატივია ამ თანამდებობის დაკავება და მოუთმენლად ველი თანამშრომლობას პარტნიორებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან რეგიონში ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად, როგორც თანასწორობის, ისე მდგრადობის თვალსაზრისით. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და ხალხის შემდგომ მხარდაჭერას სტაბილური და წარმატებული მომავლისკენ მიმავალ გზაზე,“ - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა.


ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე, როლანდ პრაისს რუანდაში მსოფლიო ბანკის ოფიციალური წარმომადგენელის პოზიცია ეკავა.

როლანდ პრაისმა, რომელიც იამაიკის მოქალაქეა, მსოფლიო ბანკში საქმიანობა 2006 წელს დაიწყო როგორც იურიდიულ საკითხებში ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველმა. ის მსოფლიო ბანკში სხვადასხვა ოპერაციულ თანამდებობაზე მუშაობდა რამდენიმე რეგიონში, მათ შორისაა ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის ქვეყნები, აღმოსავლეთ აზია და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნები, აფრიკა და სამხრეთი აზია. ის ასევე მუშაობდა მსოფლიო ბანკის ენერგეტიკისა და მომპოვებელი მრეწველობის გლობალურ პრაქტიკაში ენერგეტიკის რეფორმაზე და რეგულირების საკითხებზე


პრაისს ხელმძღვანელი პოზიციები ეკავა როგორც ოპერაციულ მენეჯერს ინდონეზიაში და როგორც მსოფლიო ბანკის ოფიციალურ წარმომადგენელს რუანდაში. ინდონეზიაში ის მართავდა სატრასტო ფონდის პორტფელს დაახლოებით 600 მლნ. აშშ დოლარის მოცულობით და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პორტფელს, რომლის მოცულობამაც პიკურ ნიშნულს - 7.5 მლრდ. აშშ დოლარს მიაღწია. რუანდაში საქმიანობისას, მისი ზედამხედველობით 60%-ით გაიზარდა მსოფლიო ბანკის საკრედიტო პროგრამა, რომლის საშუალებითაც შეიქმნა კერძო სექტორის მტკიცე განვითარების რეფორმის პროგრამა და არსებითად გაიზარდა მსოფლიო ბანკის ჩართულობა კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობის საკითხებში, რომელიც მოიცავს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას რუანდაში.


მსოფლიო ბანკში მუშაობის დაწყებამდე პრაისი იყო იამაიკის მთავრობის მრჩეველი საერთაშორისო საჯარო სამართლისა და საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში და ასევე გახლდათ ვესტ-ინდოეთის უნივერსიტეტის შტატგარეშე ლექტორი. როლანდ პრაისი ფლობს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო საჯარო სამართალში; მას მიღებული აქვს სამართლის დოქტორის წოდება მაიამის უნივერსიტეტში და ფლობს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ბიზნესსა და მათემატიკაში.

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსი იყო. მან რეგიონში თავისი ოთხწლიანი მისია დაასრულა.