ნიკა მელია: გავრილოვის დავალება შესრულებულია. მონურ მორჩილებაში მყოფმა 88 ადამიანმა გაასამართლა თავისუფლებისა და ღირსების იდეა

"გავრილოვის დავალება შესრულებულია. მონურ მორჩილებაში მყოფმა 88 ადამიანმა გაასამართლა თავისუფლებისა და ღირსების იდეა", - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია მისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტას.

"ეს არ იყო ჩემთვის გამოტანილი ვერდიქტი, ამ ადამიანებმა, პარლამენტად წოდებულმა რუსეთის მე-5 კოლონამ განაჩენი გამოუტანა ყველას, ვინც 2019 წლის 20 ივნისს აღშფოთდა, ვინც ქუჩაში გამოვიდა, ხმა აიმაღა, გააპროტესტა, ვინც სამშობლოს გამოესარჩლა, განაჩენი გამოუტანეს ყველას, ვინც იყო იმ კონკრეტულ დღეს მოძალადეების მსხვერპლი, ვისაც ტყვიები ესროლეს, ვისაც ხელკეტი მოუქნიეს, ვისაც თვალები დათხარეს და ვისაც იმ დღეს სამშობლო მოსტაცეს. ეს განცდა დაეუფლა ყველას და განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა, ავდექით და მივედით რისთაველის გამზირზე", - განაცხადა ნიკა მელიამ.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ის არ შეეგუება სამშობლოს დამცირებას და გავრილოვის განაჩენს. მისი თქმით, ის არა აპირებს უსამართლობას თავი დაუხაროს და იბრძოლოს ბოლომდე.

"მინდა საქართველოს ვუთხრა, მე არ და ვერ შევეგუები ჩვენი სამშობლოს დამცირებას, არ შევეგუები გავრილოვის განაჩენს. ახლა არაა პარტიული პოლიტიკის დრო. ერთ მხარესაა ქართული ეროვნული მოძრაობა, მეორე მხარეს ოკუპანტები და ივანიშვილის რენეგატები. ერთ მხარეს არის თავისუფლება, მეორე მხარეს - მონობა. ერთ მხარესაა საქართველოს მოქალაქეების ნათელი მომავალი, მეორე მხარეს კი საბჭოთა ბნელეთი. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია უკან დახევა და შეუძლებელია, უსამართლობას თავი დაუხარო. ეს არ მოხდება. და ბრძოლა იქნება ბოლომდე, გამარჯვებამდე, ვიდრე არ უზრუნველყობთ ამ ქვეყნის თავისუფლებას.

მე გული მწყდება, მონურ მორჩილებაში მყოფ 88 ადამიანზე, რომლებმაც მეორეჯერ გამასამართლა და ჯერჯერობით საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს და ვერ მიიყვანენ. ეს არის გამორიცხული. ვგრძნობ, რომ ეს ადამიანებიც უნდა ვიხნათ მონური მორჩილებისგან", - განაცხადა ნიკა მელიამ გამართულ ბრიფინგზე.

პარლამენტმა ნიკა მელიას იმუნიტეტი შეუჩერა

პროკურატურა ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს დღესვე მიმართავს.

ვინ დაუჭირა მხარი და ვინ არა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას