ბელორუსი პოლონეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, პოლონური სამხედრო ვერტმფრენმა Mi-24 1,2 კმ სიღრმეზე ბელარუსის ტერიტორიაზე შეფრინდა, შემდეგ კი ,პოლონეთში დაბრუნდა. ბელორუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის განცხადებით, ფაქტი ბერესტოვიცკის რაიონში მოხდა.
ვარშავა საზღვრის დარღვევის ბრალდება უარყოფს და მინსკს პროვაციაში სდებს ბრალს.
„ეს არის ტყუილი და პროვოკაცია ბელარუსის მხრიდან. ნამდვილად არ ყოფილა ასეთი დარღვევა,“ - განუცხადა AFP-ს პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის სპიკერმა იაცეკ გორიშევსკიმ.
ცნობილია, რომ პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი ბელორუსთან საზღვრის ჩაკეტვასაც არ გამორიცხავენ.
პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ოთხი ქვეყნის ხელისუფლებები ელოდებიან შესაძლო ინციდენტებს, მათ შორის შეიარაღებული ხასიათის, ბელორუსში „ვაგნერის“ ჯგუფის დაქირავებულების ყოფნის გამო.
„კრიტიკული ინციდენტი თუ მოხდება, მიუხედავად იმისა, რომელი საზღვრებია, ჩვენ დაუყოვნებლივ მივმართავთ რეაგირების ზომებს. ყველა სასაზღვრო გადასასვლელი, რომელიც ახლა ღიაა – როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო – დაიკეტება,“ – აღნიშნა კამინსკიმ.
ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. ევროკავშირის შეფასებით, ბელორუსში ლუკაშენკოს რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.
კერძოდ, ის რუსეთს აძლევს საშუალებას, ბელორუსის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტებით შეუტიოს უკრაინას და მის ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალი, მძიმე ტექნიკა, ტანკები და სამხედრო ტრანსპორტიორები შეიყვანოს. ის ასევე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს ნებას რთავს, ბელორუსის საჰაერო სივრცის გავლით გადავიდნენ უკრაინაში და მათ საწვავგასამართი სადგურებით უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთს ბელორუსის ტერიტორიაზე იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის განთავსების საშუალებას აძლევს.
ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა ბელორუსში სანქციები დააწესა იმ პირებზე, რომლებიც რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგ თანამშრომლობენ. მან, ამასთან, მთელ რიგ მნიშვნელოვან სექტორებს ვაჭრობის უფლება შეუზღუდა.
შეზღუდვები შეეხო ბელორუსის სამხედრო პერსონალის 42 მაღალი რანგის წევრსაც. მათ ამ ომში შესრულებული როლისთვის აქტივები გაეყინათ და ევროკავშირში მოგზაურობა აეკრძალათ.
გარდა ამისა, ევროკავშირმა შეზღუდა ვაჭრობა ისეთი სახის საქონლით, რომელიც საჭიროა თამბაქოს პროდუქტის, მინერალური საწვავის, სამშენებლო მასალის თუ სასუქების საწარმოებლად. შეზღუდვები ასევე დაწესდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიის და იმ სახის საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტზე, რომელიც ბელარუსის სამხედრო, თავდაცვის და უშიშროების სექტორებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. შეიზღუდა ამ პროდუქტებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურებების მიწოდებაც.
2022 წლის 9 მარტს ევროკავშირმა SWIFT-ის სისტემას ჩამოაშორა სამი ბელორუსული ბანკი — Belagroprombank, Dabrabyt ბანკი და ბელორუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკი. 3 ივნისს სიას ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიც დაემატა. გარდა ამისა, აიკრძალა რეზერვების და აქტივების მართვასთან დაკავშირებული ოპერაციები ბელორუსის ცენტრალურ ბანკთან და ბელორუსთან ვაჭრობის და ბელორუსში ინვესტირების მიზნით სახელმწიფო დაფინანსების გაცემა.