გერმანიის საჰაერო ძალები შეუერთდა NATO-ს წევრი ქვეყნების ჯგუფს, რომელიც სლოვაკეთის ცას დაიცავს. სლოვაკთმა უკრაინას თავისი საჰაერო თავდაცვის სისტემები და MiG-29 მოიერიშე თვითმფრინავები გადასცა. როგორც მანამდე ბუნდესვერის პრესსამსახური იტყობინებოდა, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ფრენები სლოვაკეთის საჰაერო სივრცეში 22 დეკემბრამდე შესრულდება.
მისივე თანახმად, ზემო ბავარიაში დისლოცირებული გერმანული ტაქტიკური საჰაერო ძალების 74-ე ესკადრილიის ორი საბრძოლო თვითმფრინავი (Eurofighter) საბრძოლო მზადყოფნაში დარჩება, რომლის მიზანიც საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში სლოვაკეთის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი ან მტრის ობიექტების განეიტრალება იქნება.
სლოვაკეთი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის ნაწილია.
ესაზღვრება უკრაინას, სადაც რუსეთი სრულმასშტაბიან ომს გასული წლის თებერვლის შემდეგ აწარმოებს.
2022 წლის აპრილში სლოვაკეთმა უკრაინას თავისი S-300-ს ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები გადასცა. გარდა ამისა, სლოვაკეთმა უკრაინას მარტში გაუგზავნა თავისი საბრძოლო თვითმფრინავები (MiG-29). ამიტომ, ქვეყანას საკუთარი საჰაერო სივრცის დაცვა აღარ შეუძლია. თავდაპირველად, ეს ამოცანა აღმოსავლეთ ევროპის უახლოესმა მეზობლებმა - პოლონეთმა, ჩეხეთმა და უნგრეთმა იტვირთეს, ახლა კი, გუნდს გერმანიაც შეუერთდა.