საქართველოში პირველი ელექტრომობილის გამოშვების ვადამ 2022 წლამდე გადაიწია. Agenda.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მინისტრის თქმით, კორონავირუსის პანდემიამ ინვესტორების შეფერხება გამოიწვია, რის გამოც მათ ვერ დაიწყეს ელექტრომობილების წარმოება. კომპანიას დამატებითი დრო მიეცა ვალდებულებების შესასრულებლად.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია განვავითაროთ მწვანე ეკონომიკა, ამავე დროს გავაძლიეროთ ქუთაისი, როგორც ინდუსტრიული ცენტრი. ჩვენ მხარს დავუჭერთ ინვესტორს, რომ ეს ამოცანა შეასრულოს“, - განაცხადა თურნავამ.
2019 წელს, იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა ამოქმედდებოდა.
კომპანია „აიგრუპმა“ გასული წლის ივლისში განაცხადა, რომ COVID 19-ის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კომპანიის გეგმები გადაიხედა.
„ამ გადასახედიდან უკვე ჩანს, რომ დაპირებული თარიღები გადაიხედება. ჩვენ დღეს მხოლოდ ის შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ არ დავიშურებთ რესურსებს და ენერგიას, იმისათვის, რათა დროულად დაიწყოს დაპირებული მშენებლობა და მალე ვიხილოთ ქართული წარმოების ელექტრომობილები“, - განაცხადეს მაშინ კომპანიაში.