ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე და ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელი, დენიელ ფრიდი ე.წ. დასავლურ შეთქმულებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ყველას ესმის, რომ საქართველო მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფება და არავის სურს, ის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს.
„მშვენივრად გვესმის, რომ საქართველოს არ სურს, უკრაინის იარაღის მთავარი მიმწოდებელი გახდეს. ყველას ესმის ეს. ამდენად, მოსაზრება, თითქოს, დასავლეთს სურს საქართველოს ომში ჩაბმა, სრული და ანგარებიანი სისულელეა. უბრალოდ, არასწორია,“ - განაცხადა დენიელ ფრიდმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე.
დენიელ ფრიდმა ამავე კონფერენციაზე გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს დემოკრატიისა და საქართველოს ინსტიტუტების გაძლიერება მის უსაფრთხოებას გააძლიერებს.
2008 წლის ომზე საუბრისას ფრიდმა განაცხადა, რომ სისულელეა იმის თქმა, თითქოს, ომის პროვოცირება საქართველომ მოახდინა.
„ვფიქრობ, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის ფონზე, საბოლოოდ შეგვიძლია უარვყოთ ის სისულელე, რომ საქართველომ მოახდინა ომის პროვოცირება, პუტინი ნებისმიერ შემთხვევაში აპირებდა საქართველოზე თავდასხმას. დიახ, საქართველოს ხელისუფლებასთან მქონდა საუბარი, მოვუწოდე, არ გაეგზავნათ ჯარი, მაგრამ რომ არ გაეკეთებინათ ეს, რუსეთი მაინც დაესხმებოდა თავს. უკრაინის ომი ცხადყოფს, რომ პუტინს სურს იმპერიის ხელახლა დაპყრობა და ამისთვის ძალას იყენებს,“ - აღნიშნა დენიელ ფრიდმა.