შეიცვლის თუ არა კრემლი პოლიტიკას ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში, ამ კითხვით ამერიკის ხმამ ანალიტიკოსებს მიმართა.
ალექსანდრ ვერშბოუ, „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი და ამერიკის ყოფილი ელჩი რუსეთში, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილეც იყო, ამბობს, რომ ამ დრომდე ხანგრძლივი, ჩიხში შესული მოლაპარაკებები რუსეთს ძვირი არ დასჯდომია.
„თუმცა ვფიქრობ, პუტინმა სერიოზულად უნდა მიიღოს პრეზიდენტ ბაიდენის გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ მისთვის საფასური გაიზრდება. ის [ბაიდენი] აპირებს ევროპელი მოკავშირეების, დიდი შვიდეულის ქვეყნების, პარტნიორების მობილიზებას, და თუკი ვლადიმერ პუტინი დაინახავს უფრო დიდი პოლიტიკური წნეხისა და უფრო მკაცრი სანქციების საშიშროებას, მან შეიძლება, როგორც ეს ტრამპის ადმინისტრაციის პირველ პერიოდში ვნახეთ, გამოამჟღავნოს მზადყოფნა გამოსავლის მოსაძებნად. ასეთ დროს სამშვიდობო მოლაპარაკებები, იდეები თუ შეთავაზებები, შესაძლოა კვლავ რელევანტური გახდეს", - მიიჩნევს ვერშბოუ.
თუმცა, დიპლომატი კრემლის სხვა გამოწვებზეც საუბრობს და ფიქრობს, რომ ახლა პუტინს სისუსტის გამოჩენა შესაძლოა, დამღუპველადაც კი მიაჩნდეს: „არ ვვარაუდობ, რომ ეს [სასიკეთო] ცვლილებები ახლო მომავალში მოხდება. რუსეთი კვლავ აგრძელებს და აძლიერებს გამომწვევ საქციელს: ალექსეი ნავალნის, ბელარუსის და ასევე უკრაინის საკითხებში".
"ეს არ არის დრო, როდესაც ვლადიმირ პუტინს სურს სისუსტის ან მოქნილობის გამოჩენა. მაგრამ თუკი მასზე წნეხი გაიზრდება, შეიძლება გამოსავლის ძებნა დაიწყოს კიდეც. და მე მართლაც ვიმედოვნებ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ევროპელ მოკავშირეებთან და უკრაინასთან ერთად მუშაობით, შეძლებს შეამოწმოს, შესაძლებელია თუ არა ამ გაჭიანურებული ჩიხური მდგომარეობის შეცვლა მაგალითად აღმოსავლეთ უკრაინაში", - ამბობს ალექსანდრ ვერშბოუ.