რა ფორმატებში თანამშრომლობს სომხეთი NATO-სთან

NATO-ს სამეკავშირეო ოფისს საქართველოში აქვს რეგიონული მანდატი, რომელიც ასევე მოიცავს სომხეთსა და აზერბაიჯანს.  სამეკავშირეო ოფისი განთავსებულია თბილისში და მას ალექსანდრე ვინიკოვი ხელმძღვანელობს.  სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი და ასევე NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა  ერევანსა და ბაქოს ოფიციალური ვიზიტებით ჩვეულებრივ სტუმრობენ, მათ შორის, ასეთ ტურნეს ფარგლებში ყოფილა საქართველოში ხავიერ კოლომინა.

ბოლოს კოლომინა სომხეთს, აერბაიჯანსა და საქართველოს მიმდინარე წლის მაისში ეწვია. სომხეთსა და აზერბაიჯანთან თანამშრომლობის საკითხზებზე NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს Europetime-თან შემდეგი განცხადება აქვს გაკეთებული:


NATO აფასებს პარტნიორობას ამ ქვეყნებთან, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ხელს უწყობდნენ ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. წელს, ერევანსა და ბაქოში, რამდენიმე ვიზიტი მქონდა, რათა ორივე პარტნიორთან, პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა წინ წაგვეწია

სომხეთში და მქონდა შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ასევე ადამიანის უფლებათა დამცველთან, (ომბუდსმენი).

შეხვედრებზე განვიხილეთ NATO-სომხეთის ურთიერთობები და თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები, მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები, ასევე გავცვალეთ მოსაზრებები ორმხრივი ინტერესის რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე.


ასევე NATO-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცერთან და პოლიტიკურ ოფიცერთან ერთად, ბაქოს ვესტუმრეთ. შეხვედრები გვქონდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც განვიხილეთ NATO-აზერბაიჯანის დიალოგისა და თანამშრომლობის საკითხები, გავცვალეთ მოსაზრებები ორმხრივი ინტერესის რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე.

ბაქოში, ADA-ს უნივერსიტეტში მაღალი დონის კონფერენციის მონაწილეებსაც („ქალები მდგრადი ხვალინდელი დღისთვის“) მივმართე. შევხვდი NATO-ს რეზიდენტ ელჩებს და ბაქოში აკრედიტებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მისიების ხელმძღვანელებს.


რაც შეეხება სამხედრო სფეროს, NATO-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი აბიდინოღლუ მონაწილეობდა სამხედრო მიმართულებით NATO-ს ხელმძღვანელობის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ღონისძიებაში - „NATO-ს დღეები“, რომელიც აზერბაიჯანის ეროვნულ თავდაცვის უნივერსიტეტთან, სახმელეთო და საზღვაო ძალების (OCC) ქვედანაყოფებთან თანამშრომლობას მოიცავდა.

  • ჩემი მანდატის ფარგლებში, სომხეთსა და აზერბაიჯანში რეგულარულ სამუშაო ვიზიტებს გავაგრძელებ. ასევე გავაგრძელებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას მაღალი დონის ჩართულობის მხარდაჭერას, რომელიც ორჯერ იმყოფებოდა უკვე საქართველოში და ველით, რომ რეგიონს უახლოეს მომავალში ისევ ეწვევა.

NATO-ს არ აქვს პირდაპირი როლი სამშვიდობო პროცესში, თუმცა ორივე მხარეს პოლიტიკურ მხარდაჭერას ვუწევთ, რათა მხარეებმა მშვიდობიანი გადაწყვეტის გზები იპოვონ. ამ მიმართულებით გაწეულ საერთაშორისო ძალისხმევას და მედიაციას მივესალმებით. 

საქართველომ კონსტრუქციული როლი შეასრულა, როდესაც სამშვიდობო პროცესში, მხარეებს პლატფორმად თბილისი შესთავაზა. ეს დასაფასებელია. არის სხვა პლატფორმებიც, სადაც ისინი შეხვედრას მართავენ, მათ შორის ბრიუსელში, ვაშინგტონში და სხვაგან. დიალოგის შენარჩუნება მნიშვნელოვანია და პარტნიორებს ჩვენც ამისკენ მოვუწოდებთ,“ - განუცხადა Europetime-ს ვინიკოვმა გასული წლის ბოლოს შემაჯამებელ ექსკლუზიურ ინტერვიუში.


გარდა ამისა, NATO-ს ვებგვერდზე ვრცლად არის მიმოხილული ალიანსსა და ერევან შორის მიმდინარე კონტაქტებისა და ურთიერთობების შესახებ.

NATO-სთან ურთიერთობა 1992 წელს დაიწყო, როდესაც სომხეთი ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს შეუერთდა. დიალოგის ამ ფორუმს 1997 წელს დაემატა ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო, რომელიც ყველა მოკავშირესა და ევროატლანტიკურ სივრცეში ყველა პარტნიორ ქვეყანას აერთიანებს. ორმხრივი თანამშრომლობა დაიწყო, როდესაც 1994 წელს, სომხეთი პარტნიორობა მშვიდობისთვის (PfP) პროგრამას შეუერთდა. სომხეთი კოსოვოში NATO-ს ეგიდით მოქმედი ოპერაციის აქტიური მონაწილეა.


სომხეთის ალიანსთან თანამშრომლობის პროგრამა ჩამოყალიბებულია ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმაში (IPAP), რომელიც ერთობლივად არის შეთანხმებული.

IPAP-ის ფართო სპექტრი ნიშნავს იმას, რომ სომხეთი NATO-სთან თანამშრომლობს არამხოლოდ თავდაცვის სფეროში, არამედ პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე, დემოკრატიულ სტანდარტებზე, კანონის უზენაესობასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. უფრო ვრცლად, თანამშრომლობის ძალიან ფართო სპექტრს გაეცანით შემდეგ ბმულზე.


ცნობისთვის, 4 სექტემბერს მედიასივრცეში გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ სომხეთი NATO-მ ალიანსში მიიწვია. ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ავსტრიის არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარემ უბრალოდ გამოთქვა სურვილი და მოუწოდა სომხეთს, გაწევრიანდეს ალიანსში. დაბნეულობა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ამ NGO-ს სახელწოდებაა - „NATO-ს გაფართოების ევროპული კომიტეტი.“


უსაფუძვლო აჟიოტაჟზე განმარტებების გაკეთება მოუწია სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ვაჰან კოსტანიანმა. მან მედიის შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ ერევანი მზადაა, გააგრძელოს თანამშრომლობა ორგანიზაციასთან, ხოლო NATO-დან არავის მოუწოდებია სომხეთისთვის, გაწევრიანდეს ალიანსში.

„რაც შეეხება სომხეთსა და NATO-ს პარტნიორობას, ის უკვე რამდენიმე წელია, გრძელდება. ჩვენ ვთანამშრომლობთ NATO-სთან სხვადასხვა ფორმატში და მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს პროცესი," - განუცხადა კოსტანიანმა ორშაბათს ჟურნალისტებს 5 სექტემბერს.

ასევე გაეცანით: სომხეთს საკუთარი სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად სურს NATO-ს წვრთნებში მონაწილეობა - ერევნის პასუხი მოსკოვს