NATO საქართველოს თავდაცვის გაძლიერებისთვის ნაბიჯებს დგამს

რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პირობებში, NATO შავი ზღვის რეგიონში ჩართულობის გაზრდას იმედოვნებს, პარალელურად, კონცეტრირებულია წევრობისთვის უკრაინის საბოლოო მომზადებაზე, საქართველოსთვის კი, NATO შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერებისთვის ღონისძიებებს უზრუნველყოფს. NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ვინიკოვი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს, რაზეა კონცეტრირებული NATO, საქათველოს მიმართ გაძლიერებული მხარდაჭერის კვალდაკვალ და ამ კონტექსტში რას მიიჩნევს უმთავრეს პრიორიტეტად ალიანსი თბილისთან ურთიერთობაში ინტერვიუს თემა ასევე იყო უკრინა და შავი ზღვის უსაფრთხოება.


ET: უპრეცედენტო მხარდაჭერის ფონზე, რა არის NATO-ს მთავარი ფოკუსი ახლა უკრაინასთან მიმართებით.

NATO-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოს საჭირო დახმარება უკრაინისთვის, რომელიც მას სჭირდება რუსული აგრესიისგან თავდაცვის ლეგიტიმური უფლების უზრუნველსაყოფად. სწორედ ამიტომ, NATO-ს ლიდერებმა ვილნიუსის სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გააძლიერონ უკვე არსებული უპრეცედენტო დახმარება.

ეს დახმარება მოიცავს პოლიტიკურ მხარდაჭერას - სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ასევე გაძლიერებულ პოლიტიკურ ურთიერთობას, პრაქტიკულ მხარდაჭერას, მათ შორის, მრავალწლიან, ყოვლისმომცველი პაკეტის დამტკიცებას, ბევრი მნიშვნელოვანი ასპექტით, რაც დაეხმარება კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოს თავდაცვა და შეკავება რუსეთის წინააღმდეგ და ასევე გაზარდოს ურთიერთთავსებადობა NATO-სთან. ეს ასევე ეხმარება უკრაინას, რომ მოემზადოს საბოლოო წევრობისთვის, რაზეც ალიანსი შეთანხმდა, რომ მომავალში მოხდება. ამდენად, ჩვენ ახლა ფოკუსირებულნი ვართ ამ მხარდაჭერაზე.


ET: საქართველოსთან მიმართებით არსებული მხარდამჭერი პაკეტის განახლების შესაძლებლობას რამდენად განიხილავს ალიანსი?

ჩვენ ახლა კონცეტრირებულნი ვართ ძალიან მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველი მხარდაჭერის ღონისძიებების გატარებაზე, რომელიც NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, ეს დოკუმენტი უელსის სამიტზე შეთანხმდა. გასულ წელს, მადრიდის სამიტზე კი, ურთიერთობის შემდგომი გაძლიერების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება, მათ შორის, ე.წ. საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის დამტკიცებით. ახლა ჩვენ ამ პაკეტების იმპლემენტაციაზე ვართ ორიენტირებულნი.

საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი, რომელიც მას NATO-სთან დაახლოებისთვის სჭირდება. NATO უზრუნველყოფს ღონისძიებებს საქართველოს შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერებისთვის, ასევე, მისი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, რომ საქართველომ უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება.


ET: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება კიდევ ერთი აქტუალური თემაა, რომელმაც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. აშშ-მ ერთიანი სტრატეგიული დოკუმენტი შეიმუშავა. ალიანსს როგორ წარმოუდგენია შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა არსებული კონტექსტის გათვალისწინებით?

მოგეხსენებათ, გასულ წელს, მადრიდის სამიტზე დამტკიცდა ახალი სტრატეგიული კონცეფცია. ეს სტრატეგიული კონცეფცია ფუნდამენტური დოკუმენტია NATO-სთვის, ეს არის მეორე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების შემდეგ.

ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში კი, შავი ზღვის რეგიონი მოხსენიებულია, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონი. რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, NATO-ს განლაგება შავ ზღვაზე და მის გარშემო მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამ რეგიონში ჩვენ გვყავს სამი წევრი ქვეყანა და ორი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი - უკრაინა და საქართველო.

ამდენად, ვმასპინძლობთ პორტში ვიზიტებს, გვყავს გემები, თვითმფრინავები, ვაწარმოებთ მეტი ინფორმაციის გაცვლას. ასე რომ, ჩვენი ჩართულობა შავი ზღვის რეგიონში იზრდება და მე მაქვს მოლოდინი, რომ ეს გაგრძელდება.