ჩინეთის ელჩი განმარტავს, რატომ არ არის ნახსენები ოკუპირებული რეგიონები საქართველო-ჩინეთს შორის გაფორმებულ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტში.
ჭოუ ციენის თქმით, ჩინეთი მხარს უჭერს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
„ვფიქრობ, ეს განზრახ არასწორი მიდგომაა დოკუმენტის მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს გამეორებულია ორ მთავრობას შორის ბევრ დოკუმენტში მანამდე. ჩინეთი მხარს უჭერს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი ჩინეთის პოლიტიკაში. სწორედ ამიტომ, საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას. ის, რომ დოკუმენტში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ნახსენები არ არის, ეს დოკუმენტის მიმართ განზრახ არასწორი მიდგომაა,“ – აღნიშნა ჩინეთის ელჩმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ 31 ივლისს განაცხადეს.
საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ, ჩინეთმა ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი დღეს, 6 სექტემბერს, პირველად დააფიქსირა.