ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, იურგენ რიგტერინკი თბილისში შეხვედრებს მართავს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი საქართველოში EBRD-ის მხარდაჭერით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს შეეხო.
პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა აღინიშნა, რომ EBRD სათანადოდ რეაგირებს დასახულ სტრატეგიულ მიმართულებებზე, რაც მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების საშუალებას იძლევა.
„შეხვეედრაზე აღინიშნა, რომ EBRD-ის პორტფელი საქართველოში შეადგენს დაახლოებით 5 მილიარდ ევროს 287 პროექტში. ამ ინვესტიციების 82% კერძო სექტორშია. პრემიერმა EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები გააცნო. აღინიშნა, რომ რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს სტაბილურად მზარდ ეკონომიკურ მაჩვენებლებს.
შეხვედრაზე განიხილეს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები და მსხვილი საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობა. კერძოდ, შუა სატრანსპორტო დერეფნის პოტენციალი, საქართველოს მთავრობის ხედვა შავი ზღვის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მათ შორის, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტებზე.
იმსჯელეს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე და აღნიშნულ სფეროში საინვესტიციო შესაძლებლობებზე. საუბარი შეეხო საქართველოს ენერგეტიკულ პოტენციალს და განახლებადი წყაროების სფეროში ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას EBRD-ის მმართველი დირექტორი მატეო პატრონე, EBRD-ის რეგიონული დირექტორი კავკასიაში ალკის ვრენიოს დრაკინოსი, EBRD-ის მოლდოვის ოფისის დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი და პირველი ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველი ქეით გელვინი ესწრებოდნენ.
საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე,“ - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ვიცე-პრემიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, ლევან დავითაშვილთან შეხვდრაზე საუბარი წარიმართა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობაზე საქართველოში. ხაზი გაესვა EBRD - ის მნიშვნელოვან როლს საქართველოს ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. აღინიშნა, რომ ბანკის ფინანსურმა კონტრიბუციამ საქართველოში დაახლოებით 5 მლრდ. ევრო შეადგინა, რომლის უდიდესი ნაწილი (82 პროცენტი) კერძო სექტორის მხარდაჭერას მოხმარდა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები და მსხვილი საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობა, მათ შორის, განახლებადი ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში. კერძოდ, შუა სატრანსპორტო დერეფნის პოტენციალი, საქართველოს მთავრობის ხედვა შავი ზღვის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტებზე და სხვ.
შეხვედრაზე EBRD-ის წარმომადგენლებმა დაადასტურეს მზაობა, მონაწილეობა მიიღონ მსხვილ საინვესტიციო პროექტებში. დასასრულს, ვიცე-პრემიერმა EBRD - ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია, რომელიც 26 - 27 ოქტომბერს გაიმართება,“ აცხადებენ თავის მხრივ, ეკონომიკის სამინისტროში.
დღესვე, საზედამხედველო პრიორიტეტები საკრედიტო რისკებისა და უმოქმედო სესხებისთვის და მათი გავლენა აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონზე - ამ სახელწოდების სემინარი გაიმართა ეროვნული ბანკის სათავო ოფისში. სებ-ის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივი სემინარის მიზანია შეიქმნას ერთიანი პლატფორმა გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებისთვის. ღონისძიება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ და EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, იურგენ რიგტერინკმა გახსნეს. სემინარს ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის, სომხეთის, უკრაინისა და მოლდოვას ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები.