მმართველი გუნდი ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესს ისევ ცვლის

საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით, ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება - არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმი შემოდის.

ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს.


საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებებზე მედიასთან ისაუბრა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ. მან აღნიშნა, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების ასარჩევად 76 ხმის ნაცვლად, რომლითაც არსებული კანონის მიხედვით ისინი ხუთი წლის ვადით უნდა აირჩნენ, ხმების 3/5 – 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, არჩევა 76 ხმით მოხდება.


მიქანაძემ განაცხადა, რომ კანონპროექტის მიხედვით, შესაბამისი კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ ვერც 76 ხმა მოგროვდება, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა. როგორც მიქანაძემ განაცხადა, პრეზიდენტს კონკურში მონაწილე ყველა კანდიდატის სია გადაეცემა და პრეზიდენტი ერთპიროვნულად გადაწყვეტს წარდგენილი სიიდან რომელი კანდიდატი დანიშნოს ცესკოს თავმჯდომარედ თუ ცესკოს წევრის ვაკანტურ პოზიციაზე.


„ზაფხულში, როცა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების შუალედური შეფასება გამოქვეყნდა, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა გამოთქვა მოსაზრებები საარჩევნო კანონმდებლობაში გატარებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. უახლოესს პერიოდში ევროკომისიამ წინასწარი დასკვნა უნდა დადოს, არ გვინდა არც ერთი კითხვა არსებობდეს - საქართველომ კანდიდატის სტატუსი დამსახურებულად და სამართლიანად უნდა მიიღოს,“ - განმარტა მიქანაძემ სარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების აუცილებლობა.

კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით, სექტემბერში მიიღებს.