კახეთში ვენახები დაისეტყვა

ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის: კაბალის, გურგენიანის და ბაისუბნის მოსახლეობა დააზარალა. დაისეტყვა მოუკრეფავი ვენახების ნაწილი, ხეხილის ბაღები და სხვა კულტურები. კაბალში ქარმა რამდენიმე სახლს სახურავიც გადახადა. ლაგოდეხი-ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე მოგლეჯილია ხეები და გაწყვეტილია ელექტროსადენები. ამ გზაზე 15 წუთის განმავლობაში შეფერხებული იყო მოძრაობა. საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა სოფელ ბაისუბანშიც. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.


ადგილობრივების ინფორმაციით, უამინდობა დაახლოებით 15 წუთი გაგრძელდა. სტიქიის ზონაში მუშაობენ მაშველები. ისინი ცენტრალურ გზებს მოგლეჯილი ხეებისგან ასუფთავებენ.

სოფელ კაბალში მერის წარმომადგენელმა მამად მამედოვმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სტიქიის შედეგებს შეისწავლიან და მონაცემები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

კახეთში სეტყვა 2 სექტემბერსაც მოვიდა. ახმეტის, თელავის და გურჯაანის სოფლებში ყურძნის მოსავლის ნაწილი განადგურდა.