საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს 12 პრიორიტეტის შესრულებაში.
„დღევანდელი დღე დავიწყე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრით საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის საგარეო პოლიტიკის შესაბამისობის გაზრდის მნიშვნელობასა და უფრო ფართო რეგიონულ საკითხებზე. ევროკავშირი მზადაა, დაგეხმაროთ 12 პრიორიტეტის შესრულებაში. ჩვენ სრულად ვართ ერთგული საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერისადმი,“ – დაწერა ჯოზეფ ბორელმა Twitter გვერდზე.
ჯოზეფ ბორელი თბილისში შეხვედრებს მართავს.
ჯოზეფ ბორელი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. ახლა ის პრემიერთან მართავს მოლაპარაკებას. ბორელი თბილისს პირველი ოფიციალური ვიზიტით 7 სექტემბერს ეწვია.