საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ აცხადებს, რომ პოლარიზაცია პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია, მაგრამ მას ზომიერება სჭირდება. ბორელი შეხვდა როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს.
„პოლარიზაცია პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია, მაგრამ მას ზომიერება სჭირდება. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა ითანამშრომლოს რეფორმების დღის წესრიგის წინსვლისთვის. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უნდა იყოს ეროვნული ძალისხმევა,“ - წერს ბორელი.
თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ჯოზეფ ბორელთან შეხვედრაზე ისაუბრეს სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე.
„საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის მხრიდან წარმოდგენილი იყო ყველა პოლიტიკური ჯგუფი. საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ ევროპულ პერსპექტივაზე. საუბარი იყო, ერთი მხრივ, იმაზე, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რეკომენდაციების შესრულება, მეორე მხრივ, ჩვენგან საუბარი იყო, რომ მნიშვნელოვანია, ევროკავშირის გადაწყვეტილება დაფუძნებული იყოს დამსახურებაზე, იყოს სამართლიანიმ,“– განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე აღინისნა, რომ მნიშვნელოვანია ევროკავშირის გადაწყვეტილება დაფუძნებული იყოს დამსახურებაზე, იყოს სამართლიანი.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საკითხი დაისვა, მათ შორის ოპოზიციის მხრიდანაც.
„მათ შორის ოპოზიციის მხრიდანაც იყო საკითხი დასმული კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. თავის მხრივ, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ევროკავშირისთვის მიუღებელია ისეთი დამოკიდებულება – ე.წ. ტერმინოლოგიური გამიჯვნა, ხალხისა და ხელისუფლებისა, რომელიც გვესმის საქართველოში რადიკალური ოპოზიციისგან, ასევე ზოგიერთი ევროპარლამენტარისა და ევროპელი პოლიტიკოსისგან.
ხალხი, ხელისუფლება, ქვეყანა ერთიანი ორგანიზმია და თუკი გადაწყვეტილება მიღება ქვეყნის მიმართ, ეს მიიღება ერთიანი ორგანიზმი, ხალხის, ხელისუფლების მიმართ. არც ოპოზიციის, არც ჩვენი მხრიდან ისეთი არაფერი თქმულა, რაც გარეთ არ გაჟღერებულა. ეს არის, როგორ ლობირებს რადიკალური ოპოზიციის ნაწილი კანდიდატის სტატუსს. ჩვენთან არის პოლიტიკური მართლმსაჯულება,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ბორელმა განაცხადა, რომ დღევანდელი დღე დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრით საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის საგარეო პოლიტიკის შესაბამისობის გაზრდის მნიშვნელობასა და უფრო ფართო რეგიონულ საკითხებზე. ჯოზეფ ბორელი თბილისში შეხვედრებს მართავს. ჯოზეფ ბორელი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. ახლა ის პრემიერთან მართავს მოლაპარაკებას. ბორელი თბილისს პირველი ოფიციალური ვიზიტით 7 სექტემბერს ეწვია.