ოკუპირებულ მარიუპოლში „ტურის“ მონაწილე ჩინელ ბლოგერებსა და შემსრულებელს უკრაინა ქვეყანაში შესვლას აუკრძალავს

ჩინელი ბლოგერების ჯგუფი დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში ჩავიდა, რასაც უკრაინა უკანონოს უწოდებს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იწყებს უკრაინაში შესვლის აკრძალვას „ტურის“ მონაწილე ყველა ჩინელი ბლოგერისთვის.

 „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჩინელი ბლოგერების ჯგუფი ჩავიდა დროებით ოკუპირებულ ქალაქში [მარიუპოლში – რედ.]. მათი ჩამოსვლა უკანონოა. ეს უხეშად არღვევს უკრაინის კანონმდებლობას, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო საზღვრის კვეთას უცხოელების მიერ,“ - წერს უწყების სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო სოციალურ ქსელში.


ნიკოლენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა პატივს სცემს ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას და მოელის, რომ ჩინური მხარე განმარტავს ჩინეთის მოქალაქეების მარიუპოლში ყოფნის მიზანზე, ასევე იმაზე, თუ როგორ შევიდნენ ისინი დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქში.


ნიკოლენკომ ასევე გააზიარა ჩინელი „ოპერის მომღერლის“ ვან ფანის ვიდეო, რომელიც სიმღერას (Katyusha) ასრულებს მარიუპოლის დრამატული თეატრის ნანგრევებზე, სადაც რუსეთის არმიამ 600-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი მოკლა (კატიუშა არის პოპულარული საბჭოთა სიმღერა და მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი არაოფიციალური სიმბოლო რუსებისთვის – რედ.).


ჩინელი მომღერალი ქალის ვიდეო თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. მმართველმა, დენის პუშლინმა გამოაქვეყნა. მას ქალს  "ოპერის მომღერალი ვან-ფანი" უწოდა.


შეგახსენებთ, მარიუპოლის თეატრი 2022 წლის მარტში განადგურდა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მალევე. შენობას თავს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა. Associated Press-ის გათვლებით, ადგილზე 600-მდე ადამიანი შეიძლებოდა, დაღუპულიყო. Amnesty International-ი მიიჩნევს, რომ რუსმა სამხედროებმა განზრახ ჩამოაგდეს ორი საავიაციო ბომბი თეატრზე, რომლის მახლობლად დიდი ასოებით ეწერა - „ბავშვები“. ეუთო და უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი აფეთქებაში რუსეთის არმიას ადანაშაულებენ.