ბალტიის ზღვაში დღეს, 9 სექტემბერს დაიწყო საზღვაო წვრთნები, რომელშიც მონაწილეობას დაახლოებით, 30 ხომალდი და 3000-ზე მეტი დასავლელი სამხედრო მოსამსახურე მიიღებენ.
შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
წვრთნების დაგეგმვასა და ჩატარებაზე პასუხისმგებელია გერმანიის საზღვაო ფლოტი, კერძოდ, გერმანიის საზღვაო ძალების შტაბი.
„ეს არის პირველი წვრთნა, რომელიც ორიენტირებული იქნება იმაზე, თუ როგორ უპასუხონ რუსეთის თავდასხმას რეგიონში,“ - განაცხადა გერმანიის საზღვაო ძალების მეთაურმა.
წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ საზღვაო ძალები გერმანიიდან, შეერთებული შტატებიდან, პოლონეთიდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან, დანიიდან, ფინეთიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ნიდერლანდებიდან, ბელგიიდან, კანადიდან და შვედეთიდან.
ბალტიის ზღვის გავლით საზღვაო მარშრუტების დაცვა არის წვრთნების კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც ლატვიისა და ესტონეთის სანაპიროებთან ჩატარდება.
„ფინეთი და ბალტიის ქვეყნები თითქმის 100%-ით არიან დამოკიდებულნი ბალტიის ზღვის გავლით საზღვაო მიწოდების მარშრუტებზე,“ - აღნიშნა კრისტიან კააკმა.
„თუ სუვალკის დერეფანი დაიბლოკება - და ეს შეიძლება გაკეთდეს მარტივად, რადგან არის მხოლოდ ორი გზა და ერთი სარკინიგზო ხაზი - მაშინ ჩვენ დაგვრჩება მხოლოდ საზღვაო მარშრუტები და სწორედ აქ მოგვიწევს გავლა,“ - განმარტა გერმანიის საზღვაო ძალების მეთაურმა.
ამასთან, ადმირალის თქმით, აშშ-ის საზღვაო ძალები წვრთნებისთვის გაგზავნის ამფიბიური თავდასხმის Mesa Verde-ს - 200 მეტრზე მეტი სიგრძის ხომალდს, რომელიც 800 საზღვაო ქვეითის გადაყვანაზეა გათვლილი.
100 კილომეტრის სიგრძის სუვალკის დერეფანს ექსპერტები NATO-სთვის სტრატეგიული დანიშნულების გეოგრაფიულ პუნქტს უწოდებენ. ეს დერეფანი წარმოადგენს ქალაქების სუვალკის, ავგუსტოვისა და სეინის გარშემო არსებულ ტერიტორიას, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს პოლონეთსა და ლიეტუვასა და, იმავდროულად, ერთმანეთისგან რუსეთის კალინინგრადის ოლქსა და ბელორუსს ჰყოფს.